ფრთხილად, ბატონებო, მოთმინების ფიალა ბოლომდე ავსებულია!

ფრთხილად, ბატონებო, მოთმინების ფიალა ბოლომდე ავსებულია!

   ის, რომ რაიონების გამგეობებსა და საკრებულოებში საპასუხისმგებლო თანამდებობებს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თუ აქტიური მხარდამჭერები იკავებენ, საზოგადოების იმ ნაწილში, რომლებმაც კოალიციის გამარჯვებისთვის თავი გადადეს, საკმაოდ დიდ პროტესტს და გაღიზიანებას იწვევს.ბოლო ხანებში საკადრო პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა კი პიკს მიაღწია და ხალხის მოთმინების ფიალა აივსო. ეს ბოლო დღეებია ქუჩაში, სოციალურ ქსელებში თუ სხვადასხვა შეკრების ადგილზე ხშირად გაიგონებ ფრაზებს:

 –" მგონი საქართველოს ხელისუფლება ვერც აცნობიერებს იმ საშიშროებას, რომელიც "ნაციონალური" მოძრაობის "სპეც.კადრების" ხელისუფლების ყველა შტოში მასიურად დატოვებაში და ყოფილი "ნაციონალების" ხელისუფლების ყველა სტრუქტურებში ჩანერგვაში იმალება!!! 

 –"ნაცისტები" პოლიტიკურ რეანიმაციას გეგმავენ და ამისთვის ისინი ნებისმიერ უბინძურეს მეთოდებს მიმართავენ!!! 

 –"მე ჩემს მიერ არჩეულ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებ, "ნაციონალური" მოძრაობის "სპეც.კადრები" უმოკლეს ვადაში მოაცილოს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა დონის სტრუქტურებს, თორემ პოლიტიკური რევანში გარდაუვალია, რაც საბოლოოდ დაანგრევს ხელისუფლებას და ქართულ სახელმწიფოს!"

 –"რისთვის გადავდეთ თავი, თუ ისევ ის ხალხი მოვიდოდა ხელისუფლებაში, რომლებიც 2012 წლამდე და მას მერე გვებრძვის?!."

   ზუგდიდის რაიონის საკრებულოს დეპუტატის, კახა მიქაიას თქმით გამგეობაში საკვანძო თანამდებობებს კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები იკავებენ, კოალიციის მხარდამჭერები კი უმუშევრები არიან.

  –"ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებრივი აზრის უგულვებელყოფას ეცდება, აუცილებლად დამარცხდება. პირდაპირ მინდა გითხრათ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათლივ გვანახა, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტების, წევრების სრული დისკრიმინაცია მიმდინარეობს. ისინი უმუშევრები რჩებიან, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე კი ყოფილი "ნაციონალები" ინიშნებიან. არ არსებობენ ყოფილი "კაკებეშნიკები", ჩემი აზრით, არ არსებობს ასევე ყოფილი "ნაციონალიც". ამდენად გთხოვთ, საზოგადოების აზრი და მათი იმედები გაითვალისწინოთ.

   მაშინ მარტივ კითხვას ვსვამ, რატომ ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს? ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, რატომ დაიღვარა სისხლი, რატომ წავიდა ამდენი ენერგია ფუჭად?! შეგახსენებთ, პრემიერ ღარიბაშვილისა და ვიცე-პრემიერ კალაძის მოწოდებას - კოაბიტაცია დასრულდება, ჩვენი მომხრეები ჩვენთან იქნებიან და არცერთი "ნაციონალი" საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არ იქნება. ზუგდიდში სამწუხაროდ, კოაბიტაცია არ დასრულებულა, ჩვენ მივიღეთ მახინჯი ფორმა!

ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ შეიგონოთ ირაკლი ღარიბაშვილისა და კახი კალაძის მოწოდება - არცერთი "ნაციონალი" ჩვენს გვერდით. ხელისუფლება, რომელიც თავისივე მომხრეებისგან არ მიიღებს შედეგზე ორიენტირებულ კრიტიკას, დამარცხდება, მე კი ძალიან არ მინდა "ქართული ოცნება" დამარცხდეს"–აცხადებს მიქაია.

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის წინააღმდეგია გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანიც და გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათ  აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. 

   –"როგორც გია თორთალაძემ შეიტანა თავის დროზე კანონპროექტი და მერე მიიღეს კიდეც, რომ კომპარტიის მაღალ თანამდებობაზე ნამსახურებ ადამიანებს არ ჰქონდათ პოლიტიკაში, არჩევით თანამდებობაზე და სხვა თანამდებობაზე ყოფნის უფლება, აი ზუსტად ასევე, ამ დანაშაულებების გამო, ანალოგიური კანონია მისაღები. "ნაციონალური მოძრაობის" მაღალ ჩინოსნებს, მათ ვისაც ეკავათ მაღალი თანამდებობები, არ უნდა ჰქონდეთ არჩევით თანამდებობაზე და აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის უფლება. აი, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა და მოივენებს ხალხი! ყველაფრის მკადრებელ ხალხთან ასე თითის წვერებზე სიარული და ვაიმე, ახლა დემოკრატიული ნორმა არ დავარღვიოთო... ან მაშინ აღიარონ სააკაშვილის დასავლელმა მეგობრებმა, რომ რასაც ის აკეთებდა იყო უკანონობა და დემოკრატიასთან არაფერი ჰქონია საერთო, ან თუ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და დემოკრატიულად ვითარდებოდა საქართველო, მაშინ თორთლაძის კანონით წავიდეთ. სწორედ მათივე კანონებით უნდა მოექცნენ მათ", - ამბობს დევდარიანი.

   არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელი კახა შამათავა კი მიიჩნევს, რომ საკადრო პოლიტიკა ახალი ხელისუფლების ერთ–ერთი სუსტი წერტილია.

   –"საკადრო პოლიტიკა ახალი ხელისუფლების ერთ–ერთი სუსტი წერტილია, ამ პრობლემის მოუგვარებლობამ მიიყვანა სახელისუფლებო გუნდი იმ შედეგებამდე, რაც ადგილობრივ არჩევნებზე ნათლად გამოჩნდა, პირადად მე, როგორც დევნილი, შემიძლია გითხრათ რომ დევნილებთან დაკავშირებულ სტრუქტურებში იყო საკადრო შიმშილი, ახლაც ასე გრძელდება. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რას მოუტანს ეს ქვეყანას, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ეს მოიტანს მართველი გუნდის დამარცხებას, ვინაიდან ისეთი შეკრული გუნდი, როგორიც "ნაცბანდას" ჰყავდა და ჰყავს, რომელიც აქტიურად იყენებს ხელთ არსებულ საკადრო რესურს, შექმნის სერიოზულ პრობლემებს, დააკვირდით დევნილებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ აქციებს ,ესაა იმ ჩანერგილი კადრების მუშაობის შედეგი, მე მგონია ან ვერ ხედავენ ამ პრობლემას ან არ უნდათ დაინახონ".

   აღნიშნულ საკითხზე "ივერიონი" ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა.

   –"ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა... კადრები არსად ინიშნება, თუ ისინი არ არიან ძირითადად ნაცმოძრაობის კადრები, მუშაობდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში... ანდა, უშუალოდ "ოცნების" გავლენიან პირებთან დაახლოებული კადრები... სხვას სამსახურებში არ იღებენ, - ეს სამსხურებიც მწირია რაოდენობრივად, ახალი ერ ვერ იქმნება - არ არის შესაბამისი პოლიტიკა... რატომ ხდება ასე? ასე მიაჩნია, ალბათ, ხელისუფლებას - პარლამენტშიც გაყოფილია ფუნქციები და შესანიშნავად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და არსებულ რესურსსაც ითვისებენ ერთად... რატომ ხდება? არ ვიცი... იმას კი ვხედავ, - ხელისუფლებასი მყოფი პოლიტიკური ძალებ საკუთარი თავის წინააღმდეგ მუსაობენ - ალბათ, ჩვენი გონება რას მიწვდება იმ მიზანს, რასაც ისინი დებენ ამ მოქმედებაში... დანარჩენი ხალხის შესაფასებელია..."

 

   აღნიშნულ თემაზე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი შეხედულების დაფიქსირების სურვილი, მაგრამ ამ სიცხეში მკითხველი რომ არ გადავღალოთ და სტატიაც კითხვადი იყოს, ალბათ სჯობს დავასრულოთ, მითუმეტეს, რომ ახალი არაფერი გვითქვამს და ის აზრი, რაც უკვე გამოითქვა უკვე თითქმის მთელი საზოგადოების აზრია, არც შორს წასვლა მოგვიწევს ფაქტების სანახავად, საკმარისია ყველამ თავის რაიონში მიმოიხედოს და შეუიარაღებელი თვალითაც ნახავს სიმანდვილეს.

 

   და ბოლოს, განწყობისთვის ბატონი ბესო საღარაძის კომენტარი.

   –"ერთი მივიდა თურმე ერთ საწარმოში და პირდაპირ დირექტორთან მიიტანა განცხადება: საამქროს უფროსად დამნიშნეთო. დირექტორმა წაიკითხა განცხადება და უთხრა: კი ბატონო, მაგრამ ეგ კადრების საქმეაო. ვიკადრებ ბატონო, ყველაფერს ვიკადრებო, იყო პასუხ–შეპირება".

 

   ეს სიტუაციაც გეცნოთ ხო? რამდენი მკადრებელ–შემპირებელი გვყოლია თურმე...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: