სანერგის ქუჩის მოსახლეობა უკვე წელიწადია უგზოობას უჩივის
"ივერიონს" ნაძალადევის რაიონის სანერგის ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს და თავიანთი პრობლემის გაშუქება სთხოვეს. სანერგის ქუჩის მოსახლეობა უკვე წელიწადია უგზოობას უჩივის, დახმარებას ითხოვს, თუმცა მათივე თქვით არც განმკითხავია არავინ და არც მიმკითხავი.
–"წელიწადი ხდება, რაც სანერგის ქუჩის ასფალტირება დაიწყეს, მაგრამ ასფალტი კი არა, ძველი დანგრეული გზაც სანატრელი გაგვიხდა. დაიწყეს და აღარ დაამთავრეს, პასუხს ვერავინ გვცემს. სანერგის ქუჩაზე ტაქსებიც არ დადიან რა დიდი თანხაც არ უნდა გადაუხადო, აქ მცხოვრებლებს კი მანქანები დაუზიანდათ, ასხლეტილი ქვები ხან ფანჯრებს ხვდება და ხან ფეხით მოსიარულეებს. ბავშვების გაშვება გვეშინია და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთმა მათგანმა ფეხი მოიტეხა. საშინელი მტვერი და ბუღი დგას, მეტის გაძლება შეუძლებელია! რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ, რამდენ არჩევნებს შევხვდით იმედიანად და სულ ტყუილად, გამკეთებელი კი არა მომკითხავი და დამლაპარაკებელი არავინაა.
ჩვენ სხვა გზა აღარ გვაქვს, თქვენი სააგენტოს საშუალებით საჯაროდ უნდა მივმაროთ ქალაქის მერს, ნაძალადევის მაჟორიტარს და გამგებელს და დახმარება ვთხოვოთ, თუ არადა მათაც საჯაროდ გვითხრან, რომ არ ვეკუთვნით თბილისს!"
წერილს ხელს ამ ქუჩის მაცხოვრებლები აწერენ და თბილისის მთავრობისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ.
"ივერიონი" ნაძალადევის ახალ გამგებელს ზაზა გაბუნიას დაკავშირდა.
–"ნაძალადევის გამგებლად 17 დღის წინ დავინიშნე. დამხვდა უამრავი პრობლემა და უამრავ ფრონტზე ერთობლივად მიწევს ბრძოლა და მუშაობა. პრობლემების ჩამონათვალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს სწორედ უგზოობა იკავებს და შესაბამისად ჩემს პრიორიტეტთა შორის ამ პრობლემის გადაჭრა წინა რიგებშია. ვაპირებ ყველა ამგვარი კრიტიკული ადგილი მოვინახულო და ამის შემდეგ გადაწყვეტილებებზე ვიფიქროთ, რომელსაც ართულებს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა, კერძოდ გამოცარიელებული ბიუჯეტი, თუმცა ამ საკითხის გამოსწორებასა და დარეგულირებაზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ".
ჩვენ ბატონი ზაზასგან პირობა მივიღეთ, რომ უახლოეს დღეებში ერთად გავალთ ამ ადამიანებთან შესახვედრად. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და იგრძნოს ცვლილებები.