საბოლოოდ დავკარგეთ აფხაზეთი?!

საბოლოოდ დავკარგეთ აფხაზეთი?!

   ამ დილით ერთ-ერთმა კოლეგამ გულისტკივილით შემომჩივლა, რომ აფხაზეთს საბოლოოდ დავკარგავთ და ჩვენ ( უპირველესად ხელისუფლება)  არაფერს  ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს!

   შეშფოთებულმა ვკითხე, რა ინფორმაცია ჰქონდა ისეთი, რომ აფხაზეთის დაბრუნების იმედი საბოლოოდ გადაეწურა?! თურმე ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებლის ვალერი ბგანბას წერილი ჰქონდა მხედველობაში, რომელიც მან ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს და ნურსულთან ნაზარბაევს  გაუგზავნა თურმე (ლუკაშენკოსადმი გაგზავნილი წერილი "ივერიონმა" უკვე გამოაქვეყნა).

   ბგანბა ახსენებს ლუკაშენკოს, რომ  აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც 2008  წელს რუსეთმა აღიარა , რასაც მსოფლიოს "გიგანტების" ნიკარაგუას, ვენესუელას. ნაურუს აღიარებაც მოჰყვა.

   იგი აიმედებს ბელორუსიის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთი ევრაზიული კავშირის  მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას და მოითხოვს გადახედოს აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების საკითხს. 

   ვერ ვიტყვით, რომ ეს სასიამოვნო  ინფორმაციაა, მაგრამ, არც იმდენადაც მძიმე, გული  რომ გაგვისკდეს- აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება მარტო აფხაზეთის სურვილზე არ არის დამოკიდებული . ამის პოლიტიკური ნება იმ სახელმწიფომაც უნდა გამოხატოს, ვისაც სეპარატისტები თხოვნით მიმართავენ.  აქ უფრო დგება საქართველოსა და იმ სახელმწიფოების ურთიერთობის პრობლემა!

   ასე, რომ , ასეთი  გამოხტომები იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც  ის, თუ როგორი ავტორიტეტი ექნება საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.

    მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ აფხაზეთის დაბრუნების გასაღები კრემლის სვეტებიან დარბაზში "ინახება" . აქედან გამომდინარე, ვინც რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის მომხრეა, ის აფხაზეთის დაბრუნებაზე არც ფიქრობს!

    ხშირად გვიჩნდება კითხვა; შორია აფხაზეთამდე?! გააჩნია, რა გზას დაადგება  საქართველო და მოიპოვებს თუ არა იმ ჯადოსნურ გასაღებს,  კრემლის სვეტებიან დარბაზში რომ "იმალება"

  თუმცა, არც აფხაზეთთან საერთო ენის გამონახვა იქნებოდა ურიგო!

საბა საბახტარიშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: