ლევან იზორია, არც ჯუმბერ იზორიაა ჩემი ნათესავი და არც ჩხოროწყუს გამგებელი და მისი მოადგილეები!
"გუშინ საინფორმაციო საშუალებებით გავიდა სიუჟეტი, სადაც გარკვეულმა ბატონებმა ბრალი დამდეს იმაში, რომ ჩხოროწყუში თვითმმართველობის არჩევნებში ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა პროცესებში უშუალოდ ჩარევის ფაქტებს" - აღნიშნულ განცხადებას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ავრცელებს.
"ამას, უზნაძის ენით, "ფიქსირებული განწყობის ტყვეობაში" ყოფნას დავარქმევდი, ანუ, რეალობისგან სრულ აცდენას. რეალობა კი, ასეთია: ჩხოროწყუს საკრებულოს შემადგენლობა განსაზღვრა ჩხოროწყუს მოსახლეობამ თავისი არჩევანით. არჩევით ორგანოს მე ვერ დავაკომპლექტებდი. ამას დემოკრატია ჰქვია ბატონებო.
ჩხოროწყუში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს არ დაფიქსირებულა კანონდარღვევის რაიმე ფაქტი, არ არსებობს ერთი საჩივარიც. ჩემი ნათესავის ქმედებას კი, რომელიც 2 ივნისით თარიღდება, პოლიციის მხრიდან მოყვა მყისიერი რეაგირება და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა იგი მეორე დღეს განთავისუფლებული. ამას კი სამართლებრივი სახელმწიფო ჰქვია ბატონებო.
საინფორმაციო საშუალებებით ითქვა ისიც, რომ თითქოს ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჩემი ნათესავია. მე, როგორც შსს მინისტრის მოადგილე, ვალდებული ვარ საჯაროდ განვაცხადო, რომ ჯუმბერ იზორია არ არის ჩემი ნათესავი და არც ჩემი რეკომენდაციით დანიშნულა თანამდებობაზე. აქვე, ამ თემას გავაგრძელებ და ავღნიშნავ, რომ არც ჩხოროწყუს გამგებელი და მისი მოადგილეები, არც საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ჩემი ნათესავები არ არიან. ვიღაცეები ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ გამიზნულად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩემ დისკრედიტაციას," - ნათქვამია ლევან იზორიას განცხადებაში.