გამოკაზანტიპებულები!...

გამოკაზანტიპებულები!...

    ანაკლიაში კაზანტიპი თანდათან ეშხში შედის - თუ ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელში   გავრცელებულ  ფოტო და ვიდეო რგოლებით ვიმსჯელებთ , ე.წ. "ქართული კაზანტიპი"  ტრადიციას არ ღალატობს. მართალია, ჯერჯერობით სექსუალურ ორგიებზე და ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარებაზე    არ საუბრობენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ექსტაზში შესული და "გამოკაზანტიპებული"  ახალგაზრდები კონტროლიდან გამოვიდნენ და საკუთარ თავს  ნამდვილი "თავისუფლება"  მიანიჭონ- მითუმეტეს, ამის სიმპტომები უკვე სახეზეა .
  გუშინ სიხარულით გვაუწყეს, რომ "კაზანტიპის რესპუბლიკაში"  30-მდე წყვილი უკვე დაქორწინდა. (ამბობენ იმასაც, რომ ეს პირველი ეტაპია და "ახალდაქორწინებულთა" რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება) საუბარია ერთსქესიანთა ქორწინებაზეც, რომელიც ჩვენი ტრადიციისთვის აშკარად მიუღებელია. იმდენად მიუღებელი,  რომ მისი დაკანონება საქართველოს ბედოვლათმა კანონმდებლებმა ანტიდისკრიმინაციულ კანონშიც კი  ვერ შეძლეს!
    მართალია, ფესტივალის დაწყებიდან მხოლოდ სამი დღე გავიდა, მაგრამ უკმაყოფილოთა რიცხვი უკვე სახეზეა. თუ უცხოელი ტურისტები "ცეცხლის  ფასებზე" აცხადებენ პრეტენზიას  , ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებითაა  უკმაყოფილო  (პრეტენზიები უფრო  ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ისმის)- ისინი თავს მოტყუებულად თვლიან-  თუ ქვეტექსტებს გავშიფრავთ, ადგილობრივები უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების მხრიდან "წილში ჩაჯდომით",  რის გამოც   შეპირებული ათასები შეიძლება ვერ მიიღონ, ანუ, ათ დღეში მილიონრები ვერ გახდნენ!..
   ასეა, ზოგი  კაზანტიპიდან დიდ ფინანსურ სარგებელს ელოდა, ზოგიც მაქსიმალური  სიამოვნების მიღებას,  ზოგი კაზანტიპის ვაკხანალიის გამო საკუთარ პროტესტს სოციალურ ქსელში და პირად საუბრებში "ლაითად", მოდას აყოლილივით  გამოხატავს. თუმცა, არც თუ ისე ცოტანი არიან ისინი, ვინ კაზანტიპის ფესტივალს XXI საუკუნის პირმშოდ აცხადებს. თან გვამუნათებს:  საქართველოში კაზანტიპი  ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაქვს- კაზიონოების, ბორდელების, ე.წ. ღამის კლუბების სახითო!...
   რაც შეეხება მართლადიდებელ მრევლს, რომელსაც ნათლად აქვს წარმოდგენილი, თუ რა არის სინამდვილეში კაზანტიპი, არა მარტო შეშფოთებულია, არამედ შეშინებულიც.
   მათ პრეტენზიები აქვთ ხელისუფლებასთან,  რომელმაც თითქოსდა ტურიზმის აღორძინების მოტივით მწვანე შუქი აუნთო კაზანტიპის ე.წ. ფესტივალს საქართველოში.
   მრევლს ფარული პრეტენზიები აქვს ეკლესიასთანაც . მათი აზრით,  ეკლესიამ ბოლომდე არ მიიყვანა დაწყებული საქმე, ანუ, ხელი არ შეუშალა  ამ უზნეობის პარპაშს ქვეყანაში.
  საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ვარაუდობს, რომ ქართველ ერს კაზანტიპი , ანუ, სოდომ-გომორის ცოდვა ძალიან ძვირად დაუჯდება -უფლის სასჯელი კი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ დარიალის ხეობაში  ჩამოწოლილი მეწყერი მოახლოებული განსაცდელის ნიშანია!..
 თუმცა, ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით ე.წ ათეისტებს და "კაზანტიპის  ფესტივალის" პირწავარდნილ მომხრეებს. ისინი "მტკიცებენ" , რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ,ბუნებრივ კატაკლიზმებთან , რომლისგან დაზღვეული არც -ერთი ქვეყანა არ არის!
   სამწუხაროდ,  ასეთი  მიდგომები ეკლესიის წიაღშიც  იჩენს თავს- სასულიერო პირების ნაწილი ანაკლიის ე.წ. მუსიკალურ  ფესტივალში დიდ უბედურებას ვერ ხედავს და ისინიც დაზეპირებულივით არამართლმადიდებელი მრევლის განწყობას ახმოვანებენ.
  ასე მაგალითად, , მონაზონი ლეონ გელოვანი სოციალურ ქსელში ღიად აცხადებს, რომ, რაც ანაკლიაში ხდება, ადამიანის თავისუფლების გამოხატულებაა,  ხოლო,     ვისაც ეს თავისუფლება არ მოსწონს "ღმერთს უნდა მოუწყოს აქციები", რადგან "ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისუფალი"" იგი კიდევ უფრო აკონკრეტებს, რომ "ღმერთი არ არის კაცთმოძულე, ბოროტი, მას არ    შეუქმნია ადამიანი   , რომელსაც ნებისმიერ დროს დატანჯავს... იგი არ იძლევა ბრძანებებს ადამიანის ცოდვების გამო ... ღმერთს არასოდეს შეუზღუდია თავისუფლება ადამიანებისთვის".
  თუ მონაზონ ლეონს ვერწმუნებით, მაშინ სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარიც არ უნდა არსებობდეს. სხვანაირად  გამოდის, რომ ცოდვილიც და სულიერად განღმრთობილიც  ერთ "ქვაბში" იხარშებიან   და უფალი ორივეს ქმედებას ერთნაირად შეიწირავს!
 სახარება გვასწავლის, რომ  უფალი ერს,  (ადამიანს ) განსაცდელს თავისი ცოდვების გამო  გამოსაფხიზლებლად  და მოსანანიებლად მოუვლენს, მაგრამ, თუ ერმა არ შეისმინა და არც მოინანია, ცხადია, სასჯელიც არ დააყოვნებს !
  მონაზონი  ლეონი უფლის ნებასა და დაშვებას შორის დიდ სხვაობას ხედავს და კატეგორიულად ამტკიცებს, რომ დარიალში წარმოშობილი მეწყერი და ჭიათურა-საჩხერის მიდამოებში მომხდარი მიწისძვრა არანაირად არ უკავშირდება ანაკლიას. როცა სასულიერო პირი ასე კატეგორიულად საუბრობს, ბუნებრივია, ეს მართლმადიდებელ მრევლს, რომელიც  დარიალსა და კაზანტიპს  შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ხედავს, გარკვეულწილად აბრკოლებს.
  დასკვნა მარტივია: ეტყობა, ქართველ ერს უფრო დიდი განსაცდელი სჭირდება, რომ საღ აზრზე  მოვიდეს, გონება გაუნათდეს და საკუთარ ფესვებს დაუბრუნდეს!
 ჯერჯერობით კი  ვართ გამოკაზანტიპებულები და ვერც ვაცნობიერებთ, ბოროტებასთან ჩვენი ლაციცი რა შედეგით შეიძლება დასრულდეს !

 


 საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: