ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ეძლევა საშუალება თავისი ისტორიული ფუნქცია შეასრულოს
ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ტურის მონაწილეებს მიმართა, რომ მათ ექსპედიციას კეთილშობილი მიზანი აქვს- ეს არის აბრეშუმის გზის ქვეყნების შემოვლა, მათი ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით დაინტერესება და ამ ქვეყნების კულტურისა და ისტორიის გაცნობა.
"დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ის ფუქნცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა როგორც ორი მსოფლიო სისტემის, ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული.
გვერდიგვერდ არსებობდა ორი სამყარო, ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო და კულტურული კავშირები საუკუნეების განმავლობაში სწორედ აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა და საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის - აქ იკვეთებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზები, აქ ხდებოდა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა და კულტურათა დიალოგი. აბრეშუმის გზამ ერთიან სავაჭრო სისტემაში მოაქცია ქვეყნები ევროპიდან ჩინეთამდე.
დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია. დღეს უკვე აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები და კულტურული ურთიერთობები, უკეთ წარმოაჩინოს ჩვენი ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.