კაზანტიპი გაკაზანტიპებულა, საკაზანტიპეში ჩაკაზანტიპებულა!
"კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა ლამის საგონებელში ჩააგდო საქართველო - ფესტივალის დაწყებიდან მეოთხე დღეს განაცხადა, რომ "რესპუბლიკაში" ძალიან ცოტა (სულ, 4000 არადა, 60 000 იყო დაანონსებული) სტუმარი ჩამოვიდა და შეიძლება დახარჯულის ნახევარიც ვერ ამოიღოს!
მარშუნოკი კიდევ უფრო შეწუხებულია იმით, რომ სტუმართა უმეტესობა მომსახურების პირობებით უკმაყოფილო დარჩენილა და შიშობს - არა მარტო ანაკლიაში , არამედ, შეიძლება "ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც პროექტის განხორციელება გაუჭირდეს ...
თუ კაზანტიპის პრეზიდენტის განცხადებაში უკმაყოფილება ისმის საცხოვრებლის საფასურის ათმაგად გაძვირების და სათანადო კომფორტის უქონლობის გამო, ("სადაც ყელა ვერ იცხოვრებს"- მარშუნოკი), უფრო ადრე კაზანტიპელები საკვებ პროდუქტებზე და სასმელზე არსებულ "ცეცხლის ფასებს" აპროტესტებდნენ.
ის, რომ დაანონსებული 60 000-ის ნაცვლად კაზანტიპის დაგეგმილ "ფესტივალზე" მხოლოდ 4000 -მდე სეირის მონაწილე და მაყურებელი ჩამოვიდა, თურმე იმის ბრალიც ყოფილა, რომ "გზები ყველგან ჩაკეტილია" და აქ მოხვედრა მხოლოდ "ყველაზე თამამებს შეეძლო" (მარშუნოკი).
რაც ყველაზე "გულდასაწყვეტია" , თურმე რუსებსაც შექმნიათ კაზანტიპის ფესტივალზე ჩამოსვლის პრობლემა, მაშინ, რომცა რუსები კაზანტიპის აუდიტორიის 60% ყოფილა.
მარშუნოკის განცხადება სხვადასხვანაირად "გადაითარგმნა" - თუ ერთნი (მართლმადიდებელ მრევლის ნაწილი) რუსების იმედგაცრუებას დარიალში ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებს, მეორე, საზოგადოების ანტირუსული ისტერიით შეპყრობილი ნაწილი "საიდუმლოებას" ფარდას ხდის და კაზანტიპის ფესტივალის საქართველოში ჩატარების იდეის უკან "რუსულ კვალს" ხედავს , რომლის მიზანი ქვეყანაში სიტუაციის არევა და რუსეთის მხრიდან დარჩენილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ყოფილა!
თუ წმინდანად შერაცხულ გაბრიელ სალოსის (ურგებაძე) წინასწარმეტყველებას ვერწმუნებით, "საქართველო მანამ არ დაწყნარდება, სანამ რუსთაველზე რუსი ჯარისკაცები არ გაივლიან", მაგრამ , ამის მიზეზი კაზანტიპი რომ არ იქნება ალბათ საეჭვო არ უნდა იყოს. საფიქრებელია ისიც, რუსი ჯარისკაცების რუსთაველის გამზირზე გასეირნება საქართველოს სრული ოკუპაციით დასრულდება თუ მათ სხვა მისია დაეკისრებათ!
შეიძლება ამ სიტყვების მემდეგ "რუსეთუმე" მიძახოთ (ნოსტალგია "რუსული ჩექმის" მიმართ არასდროს მქონია, თუმცა მეზობლური ურთიერთობის მომხრე ყოველკთვის ვიყავი) მაგრამ, მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა და უნიებლიედ გაბრიელ სალოსის წინასწარმეტყვველება გამახსენდა!..
ახლა ისევ კაზანტიპს დავუბრუნდეთ. აშკარაა, რომ პროექტმა საქართველოში არ გაამართლა - მან ისეთი მასშტაბური ხასიათი ვერ მიიღო, როგორსაც აანონსებდნენ. წინასწარ დარეგისტრირებულ და უფასოდ დაპატიჟებულ 10 000 ქართველ "ლამაზმანს" რომ თავი დავანებოთ, ანაკლიაში არც ქართველ "მუჟიკებს" დახარბებული 15 000 "ცხელსისხლა" უკრაინელი ქალბატონი ჩამოსულა.
ხუხულასავით დაინგრა კაზანტიპის სულის ჩამდგმელის ტურისტული სააგენტოს ექს- შეფის გიორგი სიგუას ომახიანი განცხადებაც, რომ კაზანტიპის ფესტივალის ზედიზედ ათი წლით ჩატარება ანაკლიას ტურისტულ მექად აქცევდა!
რა მოხდა სინამდვილეში და რატომ ვერ "გაიხარა" საქართველოში კაზანტიპმა?
დღევანდელი შედეგების ფონზე , ის ადამიანები, ვინც ანაკლიაში სექსუალური აღვირახსნილობის და ნარკოტიკული ნივთიერებების პრაქტიკას (არავინ უარყოფს, რომ კაზანტიპისთვის ასეთი პრაქტიკა უცხო არ ყოფილა)"ლაითად" უყურებდა და ჩვენ, კაზაბტიპის მოწინააღმდეგეებს "თვალის ახელაში" გვეხმარებოდნენ ( "რა გიკვირთ. საქართველოში ყველა ფეხის ნაბიჯზე გვაქვს კაზანტიპი") ახლა, ზედმეტ ფორიაქში, სიტუაციის განგებ დრამატიზირებაში გვადანაშაულებენ. ამის საილუსტრაციოდ ნიკიტა მარშუნოკის სიტყვებს იხსენებენ, რომელმაც დაძაბულობის შენელება შემდეგი დაპირებით სცადა. თქვენი ტრადიციის საწინააღმდეგო ქმედებებს ანაკლიაში ადგილი არ ექნებაო!
ასეა თუ ისე , ცალკეული "მაგალითების" მიუხედავად, ( მხედველობაში გვაქვს "ზეციური", ანუ, ერთსქესიანთა ქორწინება) შეიძლება ითქვას, მოსალოდნელი ჯოჯოხეთი თავიდან ავიცილეთ. თუმცა, კაზანტიპი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ერთგვარი ტესტი აღმოჩნდა - ყველამ საკუთარი "მე" გამოაჩინა.
დიახ, ასპარეზზე გამოვიდნენ როგორც ევროპელი "თავუსუფლებისმოყვარე", ისე. ე.წ. გაორებულილი ადამიანებიც. დიდება უფალს, ქვეყანაში არც თუ ისე ცოტანი აღმოჩდნენ ტრადიციის მოყვარულნი, რომელთათვისაც "კაზანტიპის" ვაკხანალიაა და მასთან დაკავშირებულია ე.წ. "თავისუფლების" (დროსტარების) ხიბლი კატეგორიულად მიუღებელია...
სხვათაშორის, კაზანტიპი პირდაირი ტესტი იყო ხელისუფლებისთვის, რომლის პოზიცია დღემდე გაურკვეველი დარჩა , თუმცა, დუმილიც ხომ პოზიციაა?! დაბალი ეშელონებიდან (ტურიზმის სააგენტო ) კონტრაქტის დარღვევაზე აპელირება კი საერთოდ უსუსურ არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს. ისე, კაცმა რომ თქვას, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ კაზანტიპი არც უნდა გაგვკვირვებოდა!
ცალკე საუბრის თემაა ეკლესიის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი მრევლი პროტესტის უფრო აქტიური ფორმით გამოხატვას ელოდა. თავის დროზე საპატრიარქო ოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა, სადაც გააშიშვლა კაზანტიპის ანტიმართლმადიდებლური ხასიათი და მოუწოდა თავის სულიერ შვილებს - არ წასულიყვნენ ანაკლიაში. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ცალკეული სასულიერო პირები, მათ შორის, მღვდელთმთავრებიც, ამბიონიდან ქადაგებდნენ კაზანტიპის მავნებლობაზე და საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ქართული მედია - საშუალებებითაც გამოხატავდნენ. ზოგადად ეკლესიის პოზიციად შეიძლება ჩაითვალოს მრევლისა და სასულიერო პირების მშვიდობიანი აქცია ანაკლიაში და ფერიცვალების დღესასწაულზე დღესასწაულზე პარაკლისის გადახდა ზუგდიდის ფერიცვალების ტაძარში და ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე...
მაინც რატომ არ მიეცა კაზანტიპს მასშტაბური ხასიათი ანაკლიაში და არსებობს თუ არა კავშირი კაზანტიპსა და აგვისტოს ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კატაკლიზმებს შორის?!
ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი ამ მოვლენებს შორის პირდაპირ კავშირს ხედავს და აცხადებს, რომ უფალმა და წმინდა მარიამ ღვთისმშობელმა მოსალოდნელი ჯოჯოხეთისგან იხსნა საქართველო და პატარა განსაცდელებით დაფიქრებისკენ და სინანულისკენ მოუწოდა. (მიწისძვრა საჩხერე0ჭიათურაში და მეწყერი დარიალის ხეობაში). მაგრამ, ეს რომ ირწმუნო, გულში რწმენის ნაპერწკალი მაინც უნდა ენთოს!..
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც ფესტივალის ჩაშლა სახელდახელოდ აღებული კრედიტების გამო ლამის მეორედ მოსვლის ტოლფასად მიაჩნდა, შეიძლება გახუთმაგებულმა ტარიფებმაც ვერ უშველოს და ვალების "მარყუჟში" ამოყოს თავი.
როგორც ამბობენ, ამ თვალსაზრისით, უკმაყოფილება უკვე იგრძნობა და ისინი ხელს ადგილობრივი ხელისუფლებისკენ იშვერენ თურმე.( "ივერიონი" წერდა, რომ მათ მოტყუებით ააღებინეს კრედიტები და 10 დღეში გამდიდრების ილუზიაც შეუქმნეს).
სტატიაში " "ვა-ვა ანაკლია, ანუ, რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის" საკმარისად ავხსენი, რომ ფულის შოვნის მანიას აყოლილებმა საკუთარი სული საფრთხეში ჩაიგდეს და თუ ახლა განსაცდელში ჩავარდებიან, არ გამიხარდება, მაგრამ, არც გამიკვირდება!.
დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას: კაზანტიპი გაკაზანტიპებულა, საკაზანტიპეში ჩაკაზანტიპებულა!
ზაურ ნაჭყებია