ენაწყლიანი კეტრინ ეშტონი, რუსეთის ახალი ემისარი და ... ჩვენგან მივიწყებული აფხაზეთი!

ენაწყლიანი კეტრინ ეშტონი, რუსეთის ახალი ემისარი  და ... ჩვენგან მივიწყებული აფხაზეთი!

 გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წამომადგენელმა,  კეტრინ ეშტონმა განაცხადა , რომ ევროკავშირი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე არჩვნებს არ აღიარებს და  იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და  სუვერენიტეტს...
   საკმაოდ "დამამშვიდებელი " განცხადებაა, მითუმეტეს,  იმ ევროკავშირის წარმომადგენლისგან წარმოთქმული, სადაც ჩვენ  რატომღაც თვითდამშვიდებულნი   ვაპირებთ შესვლას. ( ისე, ჩვენ კი ვაპირებთ, მაგრამ, როდის მიგვიღებენ, ან,  საერთოდ მიგვიღებენ , არც ვიცით)!
   მსგავსი განცხადებები  სხვა  საერთაშორისო  ორგანიზაციებისგანაც ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. მითუმეტეს, ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების  შემთხვევაშიც ტერიტორიული  პრეტენზიები განხილული არ იქნება!..
   ევროკავშირი აღიარებს თუ არა აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს, არჩევნები მაინც შედგა - აირჩიეს ახალი პრეზიდენტი, რომელიც, როგორც ამბობენ, კრემლის მაღალი ეშელონების მფარველობით სარეგებლობს -  როგორც იქნა, მეოთხე ცდა რაულ ხაჯიმბასთვის იღბლიანი აღმოჩნდა!
   უკვე ოცი წელიწადზე მეტია საქართველოს იურისდიქცია არ  ვრცელდება აფხაზეთზე, ამ ხნის მანძილზე  რამდენი ეშტონისნაირმა "ბობოლებმა" გააკეთეს მსგავსი  განცხადებები და  სახელდახელო რეზოლუციებიც გააშანშალეს,  მაგრამ,  ყური არც რუსეთს  ( როგორც კონფლიქტის უშუალო ინსპირატორს და  მონაწილეს)  და არც თვითმარქვია აფხაზეთის რესპუბლიკის  არც ერთ  ხელისუფლებას არ შეუბერტყია .
   უნდა ვივარაუდოთ, რომ რაულ ხაჯინბას თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტად არჩევით, კრემლს საიმედო ემისარი ეყოლება  მის მიერვე  აღიარებულ  "სახელმწიფოში". სავარაუდოა ისიც, რომ ხაჯინბას მთავრობა საქართველოსთან ურთიერთობის დათბობაზე  არ  იზრუნებს !
  მართალია, რუსეთის გარდა აფხაზეთი  მხოლოდ  "ჭ" კლასის რამდენიმე  სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ, ეს არაფერი შეღავათია საქართველოსთვის. 
   ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთი  აფხაზეთის ფაქტიური ანექსიისა და მისი აღიარების გამო  არც გაეროს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს  არ დაუსჯიათ. ..
  ასე, რომ, ეშტონის განცხადება გულისამაჩუყებელი შეიძლება მხოლოდ იმათთვის იყოს, ვინც ევროკავშირს პანაცეად მიიჩნევს და მისგან რაღაც განსაკუთრებულს ელოდება!..
   ვიდრე საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან მიმართებაში  სწორ (გონივრულ) პოლიტიკას არ გაატარებს და მხოლოდ რუსეთისთვის დამპყრობლის მიწებებით და უაზრო რიტორიკით შემოიფარგლება, აფხაზეთში კიდევ ბევრი არჩევნები ჩატარდება და ჩვენ სულ უფრო და უფრო დავშორდებით მიზანს - ძირძველი აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევას!  

 ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: