"მან არ იფიქრა ჩემს მომავალზე და ცრუ, დამღუპველ ნეტარებას ანაცვალა მთელი სამყარო"

"მან არ იფიქრა ჩემს მომავალზე და ცრუ, დამღუპველ ნეტარებას ანაცვალა მთელი სამყარო"

   "ივერიონის" რედაქციაში ახალგაზრდა მამაკაცმა დარეკა და გვითხრა, ეს ბოლო დღეებია ისეთ რაღაცეებს ვისმენ და ვხედავ, მინდა ჩემი უთავბოლო ცხოვრება ფართო საზოგადოებას მოვუყვე, იქნებ ვინმე დაფიქრდეს და თუნდაც კაზანტიპზე მყოფმა, ნარკოტიკს და ალკოჰოლს გვერდი აუაროსო. მერე  გვკითხა, თუ შეიძლება, პატარა ჩანახატი რომ გამოგიგზავნოთ, მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა წაიკითხონ და იქნებ ვიღაც მაინც შევძლო ამ მონაყოლით ვიხსნა და ჭეშმარიტების გზას დავუბრუნოო.

ვინაობა ვკითხეთ.

 -ჩემი სახელი და გვარი არაფერს გეტყვით, თუმცა დასამალი არაფერი მაქვს, ბევრმა იცის ჩემი წარსულიც და აწმყოც, ამიტომ გეტყვით, მე შმაგი ჯაჭვლიანი ვარ. ჩანახატს გამოგიგზავნით, თუ ფართო მკითხველამდე მიიტანთ, მადლობას გეტყვით-გვითხრა და ტელეფონი გათიშა, ცოტა ხანში კი ჩანახატი გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

ანგელოზი

   ადამიანის სული, ხორცი და აზროვნება ჰგავს ტაძარს, რომელიც მარადიულად უნდა აქციო. მთელი ცხოვრების მანძილზე სიმართლით, სიყვარულით და პატიოსნებით უნდა აგო და აგო...ნაბიჯს ნაბიჯი ისე უნდა ააყოლო, გულში ღვთის სახელს იმეორებდე. არ უშინდებოდე ყინვას, არც ხორციელ ტანჯვას, რადგან მხოლოდ სახელი რჩება ბოლოს...მანამდე კი, რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, რამდენჯერაც არ უნდა დაინგრეს სულის ტაძარი, გადაგთელოს თუნდაც ყველაზე მწარე ტკივილმა, ტაძარი მაინც ბოლომდე უნდა ააგო! ჩემს სულიერ ტაძარს მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როცა ჩემს ეზოში წმინდა ნინოს სახელობის პატარა ტაძარი ააგეს, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ რაღაც დაიწყო, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი...

   მამა ილიამ დიდი სიხარული შემოიტანა მრევლში, მაშინ 11 წლის ვიყავი და არაფერი გამეგებოდა ამ ცხოვრების შესახებ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სწორედ ამ დასაწყისმა მატარა მთელი ცხოვრება და ბოლოშიც დასაწყისის გამოვლინებამ მიმიყვანა.

   აღდგომა ღამე თენდებოდა, ლიტონიობის დასრულების შემდეგ მამა ილია ზეიმით და გალობით გამობრძანდა ტაძრიდან, ჩვენ ხატებით და ჯვრებით მივყვებოდით, ყველას კართან ვაკაკუნებდით და ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვახარებდით. მერე ეზოში დიდი სუფრა გაიშალა და სანამ მზემაც არ იზეიმა დიდი დღესასწაული, მანამდე ისმოდა ქრისტეს გალობა.

   ახლა, როცა ჩემს გარშემო ოთხი კედელია, უნებური ფიქრის ტყვეს სწორედ ეს სურათი დამიდგა თვალწინ, როგორც ნათელი მოგონება ჩემი ბავშვობიდან. მხიარული, უზრუნველი და ლაღი ბავშვობა მქონდა, იქამდე, სანამ...ერთ ღამეს სახლში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, შეშინებული დედისკენ გავიქეცი, დავინახე მამა პოლიციელებმა წაიყვანეს...მერე მახსოვს ნელ-ნელა დაცარიელდა ჩემი სამყარო, დაცარიელდა სახლიც, ჯერ ავეჯი გაიტანეს, მერე ჭურჭელი, მერე სახლიც დავკარგეთ და დავრჩით მე და დედა ღია ცის ქვეშ. ვიცოდი, ეს მამის გამო ხდებოდა, მაგრამ მეცოდებოდა იგი ოთხკედელს შუა გამომწყვდეული, მიყვარდა მამა და მეზიზღებოდა მაშინ ჩემთვის უცნობი სიტყვა-ნარკოტიკი! იმ დღიდან, რა დღიდანაც მამა ნარკომანი გახდა, ჩვენს ოჯახში ჯოჯოხეთის კუპრი მოიხარშა.  პირველ ხანებში მინდოდა მამა ციხიდან დამეხსნა, ამ ბოროტი სენისგან დამეცვა, მაგრამ მერე ამ ნარკოტიკმა მამაც წამართვა და სიბრალული სიბრაზემ შემიცვალა. ბრაზი მერეოდა, მან არ იფიქრა ჩემს მომავალზე და ცრუ, დამღუპველ ნეტარებას ანაცვალა მთელი სამყარო. დარდს დედამ ვერ გაუძლო და დამტოვა ღვთის ანაბარა, მეც მივხვდი, რომ მხოლოდ უფალია ჩვენი მფარველი.

   მივხვდი, მაგრამ ცხოვრებამ მაინც თავისი გაიტანა, უამრავი გამოცდის ჩაბარება მომიხდა, ხანდახან მგონია, რომ გულის მაგივრად ქვა მიდევს, არა იმიტომ, რომ ვამპირად ჩამოვყალიბდი, არა!!! უბრალოდ ცხოვრებამ გამაძლიერა და თვითგადარჩენის ინსტიქტმა, შიმშილთან და სიცივესთან ჭიდილმა ქვასავით ძლიერი და დაუნდობელი გამხადა, მაგრამ ყოველთვის, როცა ჩემში მხეცი ცდილობდა ჩასახლებას, თვალწინ მიდგებოდა მამა ილია და პატარა ეკლესია, რომელიც სადღაც შორს სულ ოდნავ იყო განათებული, მაგრამ მბჟუტავი სინათლეც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მხეცი ცოტახნით კიდევ გამედევნა...

   მერე მივხვდი, რომ ახალგაზრდა ადამიანისთვის ცხოვრება წინაა, ეს ცხოვრება შეიძლება იყოს დამახინჯებული, მაგრამ დანგრეული არა, მეც ვიწამე და...შემიყვარდა. ის მდიდარი ოჯახიდან იყო, ჩემთან ურთიერთობას უშლიდნენ, მინდოდა მეც მათ სიმაღლეზე ავსულიყავი, მეც მქონოდა ბევრი ფული და შემძლებოდა უარი არ მეთქვა არაფერზე, ამიტომ მძლია ცდუნებამ და ერთ დღესაც ბიჭებთან ერთად საბოლოო რისკზე წავედი. 

   სახლს მივადექით, კარი გავაღეთ, ძველი მტვრიანი ავეჯი, მიყრილ-მოყრილი წიგნები, ტანსაცმელი...ყველა რაღაც წასაღებს ეძებდა, მე კარადაზე ასე 30 სანტიმეტრიანი ოქროს ანგელოზი დავინახე, რომელსაც ფრთები გაშლილი ჰქონდა,  ავიღე და ჯიბეში ჩავიდე, თითქოს რაღაცამ დამწვა, ადგილიდან ვეღარ ვინძრეოდი, ხელს ვეღარაფერს ვკიდებდი, მხოლოდ ჭერზე დაკიდებულ საფრთხობელას ვხედავდი, რომელსაც თავი ჯამბაზის ჰქონდა, ტანზე კი დაძონძილი ჭრელი პერანგი ემოსა და თავი საცოდავად ჩამოეკიდა. ამ წუთებში სწორედ ასეთად მიმაჩნდა ჩემი თავი, თითქოს რაღაცამ გამომაფხიზლა, მაშინვე ჯიბისკენ წავიღე ხელი, რომ ანგელოზის ქანდაკება თავის ადგილას დამებრუნებინა და გავცლოდი აქაურობას, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

   ამის შემდეგ ჩემი ბედი სხვა გზით დატრიალდა, დავკარგე საკუთარი თავი, დავკარგე ჩემი სიყვარული, მაგრამ ციხეში, საშინელ დღეებთან და მწარე ფიქრებთან ერთად ჩემი სულიერი გარდატეხა დაიწყო. დავიწყე სასულიერო ლიტერატურის კითხვა, თავიდან გასართობად, შემდეგ კი სულიერ მოთხოვნილებად მექცა და მოძღვარის დახმარებით დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. მერე ამნისტიაც შემეხო, დავტოვე ციხე და ვიცოდი, რომ იქ აღარასოდეს აღარ შევბრუნდებოდი.

სასჯელის მოხდის შემდეგ, თბილისიდან მოშორებით პატარა ტაძარში წავედი და სამუდამოდ აქ დავრჩი. ბავშვობაში დაწყებულმა სულიერი ტაძრის მსენებლობამ მომიყვანა აქ და ბერად აღმკვეცა. რარიგ ეკლიანიც და ძნელიც არ უნდა იყოს ეს გზა, მაინც ტკბილია, რადგან უფალს ემსახურები. უფალმა მაგემა ყველაფერი მიწიერი, მანვე წამართვა და ჭეშმარიტების გზას დამაყენა.

   თითქმის 20 წელია ბერული ცხოვრებით ვცხოვრობ. ისეთი ტკბილია ჩურჩული უფალთან...ყველაფერი მწარე დავივიწყე, ხალხისადმი გაბოროტებაც გამიქრა და ახლა, როცა მომლოცველთა ჯგუფები მოდიან, სიყვარულით შევცქერი და მათზე ვლოცულობ.

   ერთხელ, როცა მორიგი ტურისტული ჯგუფი მოვიდა, სანაკში ლოცვებს ვკითხულობდი. კარზე დააკაკუნეს, გავაღე და 13-14 წლის გოგონა იდგა.

 -დამლოცე, მამაო-თავი დამიხარა.

 -უფალმა დაგლოცოს, შვილო-დავლოცე და მოვეფერე, ღმერთო რა ლამაზი და ნაცნობი თვალები აქვს, ნეტავ სად მინახავს-გავიფიქრე და სანამ კიდევ შევხედავდი გოგონას, მან ცელოფანი მომაწოდა და მოწიწებით მითხრა:

 -მამაო, ეს გვინდა ტაძარს შევწიროთ.

უცებ ბავშვს დედა მოუახლოვდა, მოწიწებით დამიკრა თავი, მანაც დალოცვა მთხოვა და ბავშვს მიმართა:

 -წამო, დედიკო, ხომ გადაეცი მამაოს შესაწირი-გამიღიმეს და წავიდნენ.

   ხმა მეცნო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თვალწინ გაირბინა მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, დიდხანს ვიდექი გაშეშებული, მერე ტაძრისთვის შესაწირად მოტანილი ნივთი გამახსენდა, გავხსენი და უფრო მეტად გავშრი...

   ცელოფნიდან ფრთაგაშლილი ანგელოზის ქანდაკება მიმზერდა.

პ.ს. ჩვენი მხრიდან კი მხოლოდ ერთს დავამატებთ, ნარკომანია შავი ღრუბელია, ამიტომ არც შეეხეოთ და არც გასინჯოთ, არც ხელი მოკიდო და არც გაეკაროთ!!!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: