სოსო მანჯავიძე:-"საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილება მართლაც მაღალია საზოგადოებაში"

სოსო მანჯავიძე:-"საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილება მართლაც მაღალია საზოგადოებაში"

   საკადრო პოლიტიკა ის ერთ-ერთი საკითხია, რომელიც საკმაოდ მწვავედ დგას საზოგადოების წინაშე. ზოგი ამას კოჰაბიტაციად ხსნის, ზოგი "ოცნების" მხრიდან კადრების არარსებობით, თუმცა ერთი ცხადია, ისევ ძველი სახეების დანახვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ხალხის აღშფოთებას იწვევს.

   "ივერიონი" "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის საკრებულოს წევრს, სოსო მანჯავიძეს დაუკავშირდა,

   -საზოგადოებაში პიკს მიაღწია საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილებამ, "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე საკმაოდ დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ, ისევ თანამდებობებზე არიან, თანამდებობები დაისაკუთრეს დაპორტირებულებმაც და ახლა უკვე "ოცნების" მანდატით ხელდამშვენებულნი მართავენ ქალაქებს თუ რაიონებს. ხალხს არაფერი დავიწყებია, ამიტომაც არ მოსწონს შექმნილი მდგომარეობა. რა მიზეზებმა განაპირობეს ასეთი მდგომარეობა?

   -საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილება მართლაც მაღალია საზოგადოებაში, ისმის კითხვა, რატომ არ ან ვერ მოქმედებს მმართველი კოალიცია საზოგადოებრივი შეკვეთის შესაბამისად? მიზეზი პირველი-ხელისუფლება ერიდება ძველი კადრების უკმაყოფილების კონსოლიდაციას, მეორე-ის ცდილობს აიცილოს "ნაცმოძრაობის" დასავლელი ლობისტების ბრალდებები პოლიტიკურ დევნის შესახებ, მესამე-არსებობს პოლიტიკური და პირადი კავშირები ნაც-მოძრაობასა და კოალიციის წევრებს შორის, მეოთხე-კომპრომატებით შანტაჟი, მეხუთე-ვერ მოხერხდა პოლიტიკური შეფასების მიცემა რეჟიმისათვის, მეექვსე-სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ნაც-მოძრაობის აქტივს გაცილებით მეტი საშუალება ჰქონდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ვიდრე რეჟიმთან მებრძოლ და ამიტომ უმუშევარ ოპოზიციას, ამიტომ ტესტირების შედეგად ძირითადად ისევ ისინი იმარჯვებენ.

   ამ მიზეზების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ ნაც-მოძრაობის ნელი და უმტკივნეულო განეიტრალების პოლიტიკა აირჩია".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: