ანტიპუტინური აქცია "Putin Khuylo" ევროპის მოედანზე
დღეს, ევროპის მოედანზე 18:30 სთ-ზე ანტიპუტინური აქცია გაიმართება. აქციით "Putin Khuylo" პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო მოძრაობას "Putin Khuylo world wide" შეუერთდებიან. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და სპეციალური გვერდიც "Putin Khuylo|Georgia" შეიქმნა.
-"კრემლის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება! მსხვერპლი კი რიგითი ადამიანები არიან. სანამ მთავრობები ლოკალურ თუ გლობალურ დონეზე ცდილობენ სიტუაციის მოგვარებას, პუტინის არაპროგნოზირებადი პოლიტიკით სულ უფრო მეტი რიგითი ადამიანი ზარალდება. დღეს ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ საკუთარი თავი და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ რიგითი მოქალაქეების ერთობას შეუძლია ცვლილების მოხდენა! ჩვენ ვერთიანდებით იდეის ირგვლივ, იდეის იმის შესახებ, რომ ხალხის ხმას აქვს ძალა!
თუკი თქვენც იზიარებთ ჩვენს იდეას - დაგვიდექით მხარში! 26 აგვისტოს (ამ დღეს 2008 წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა), ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოძრაობას პუტინის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ, თქვენც გახდეთ ამ გლობალური აქციის თანამონაწილე!
მოდით 26 აგვისტოს, 18:30 საათზე ევროპის მოედანზე და ერთად, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ!
ყველას ვისაც შესწევს უნარი, ან აქვს რესურსი, რომ შეიტანოს თავისი წვლილი აქციის ორგანიზებაში, თუ მის პოპულარიზაციაში, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი იდეებისა და ინიციატივების შესახებ ნებისმიერ დროს. ამ ეტაპზე, ჩვენ ვგეგმავთ აქციის დეტალებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რიცხვი გაიზრდება. ჩვენ პერიოდულად განვაახლებთ ინფორმაციას საორგანიზაციო საკითხებისა და თავად აქციის შესახებ.
მოვუწოდებთ სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და ა.შ. შემოგვიერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ საორგანიზაციო პროცესში.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე აქცია წარმოადგენს ახალგაზრდულ ინიციატივას, რომელიც მთლიანად თავისუფალია პოლიტიკური მიკუთვნებულობისგან. შესაბამისად, მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, პარტიას და მათთან დაკავშირებულ გაერთიანებებს, რომ თავი შეიკავონ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის აღნიშნული აქტივობის გამოყენებისაგან!"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და ყველას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.