ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით არ მიიღწევა...
"ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ.
სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ.
ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ.
მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე… მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს…"
კობა ფარტენაძე