გიორგი ხელაია: შეწყვეტილია რამდენიმე ინფრასტრუქტურული ტენდერი
თბილისის მერის მოადგილის, გიორგი ხელაიას განცხადებით, ტენდერების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ ხელშეკრულებები არაკვალიფიციურად არის შედგენილი.
" შეწყვეტილია 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ხელშეკრულებები იყო შედგენილი არაკვალიფიციურად. არ იყო განსაზღვრული მკაფიოდ გამოკვეთილი კონტრაქტორთა ვალდებულებები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევიტანოთ და გავამკაცროთ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც შეეხება კონტრაქტორების მიერ საგარანტიო პირობების შესრულებას. ასევე გადაიხედება მთლიანად იურიდიული კუთხით და მოხდება მისი იურიდიული დახვეწა. ამ ხელშეკრულების საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში საავანსო თანხის გაცემის წესი შეიცვლება, ასევე მოხდება სამუშაოების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი", - აღნიშნა ხელაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, მუდმივმოქმედი ჯგუფები იმუშავებენ და ტენდერებზე კონტროლს განახორციელებენ.
"მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას, ჩვენი მხირდან იქნება უმკაცრესი კონტროლი დაწესებული სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, ამ მთლიანი კონტრაქტის 5% დაკავდება და მისი გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პირველი ნაწილი იქნება, როდესაც დასრულდება კონტრაქტი და მეორე ნაწილი, როდესაც დასრულდება შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა", - განაცხადა მერის მოადგილემ.