ფინანსთა სამინისტრო უკრაინელ კოლეგებს მასპინძლობს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელები უკრაინელ კოლეგებს მასპინძლობენ.
უწყების ინფორმაციით, სტუმართა მხრიდან დელეგაციას უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ხომენკო ხელმძღვანელობს.
ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის რეგიონში 26 - 30 აგვისტოს იმართება.
შეხვედრა გახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრო.
შეხვედრების ფარგლებში, უკრაინელი და ქართველი სამართალდამცველები ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგამოძიებო და ოპერატიული მუშაობის პრაქტიკულ საკითხებზე, ასევე, დანაშაულის გამოვლენის პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქართველი სამართალდამცველები კოლეგებს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას, გააცნობენ განხორციელებულ რეფორმებს და იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში დაინერგა. უკრაინის დელეგაციის წევრებმა უკვე დაათვალიერეს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების აჭარის რეგიონული ოფისები. სტუმრები ასევე ეწვევიან ბათუმის პორტს, იუსტიციის სახლსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონას.