ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მადლობის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მადლობის წერილი მიიღო.
პრემიერ ნეთანიაჰუს წერილი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა პირადად გადასცა. ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ქართველ კოლეგას მადლობას უხდის იმ თანაგრძნობისა და თანადგომისათვის, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო პერიოდში ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის ელჩმა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დეტალები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.