ვინ არის თემურ ქარჩავა და რატომ ააშენებს თბოელექტროსადგურს სომხეთში

ვინ არის თემურ ქარჩავა და რატომ ააშენებს თბოელექტროსადგურს სომხეთში

   "აფხაზეთის ხმა" იუწყება, რომ "მილიონერი თემურ ქარჩავა სომხეთში თბოელექტროსადგურს ააშენებს, საიდანაც ელექტროენერგიას საქართველო შეიძენს - $ 600 მლნ ინვესტიცია". 

   სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 აგვისტოს ქართული და სომხური მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია "Anaklia IEP (Industrial Eco Park) Holding" 540 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად სომხეთში 600 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას ჩადებს. შესაბამის შეთანხმებას სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან კომპანიამ ხელი უკვე მოაწერა.

   "ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ხელმძღვანელობს. ქარჩავა ზუგდიდელი ბიზნესმენია, რომელიც წლებია, მოსკოვში საქმიანობს. მას რუსეთის ხელისუფლების ცალკეულ მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ პირად იცნობენ. თბოელექტროსადგურის მშენებლობას სომხეთში შექმნილი "ანაკლია ენერჯი" უზრუნველყოფს, რომელსაც სომხური მხარე პირველი ხუთი წლის განმავლობაში გადასახადებისგან ათავისუფლებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, წელიწადში დაახლოებით 4 მლრდ კვტ/სთ - საქართველოში იქნება ექსპორტირებული. 

   თემურ ქარჩავა ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკისა და პორტის ასპროცენტიანი წილის  მფლობელია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც, ძირითადად, რუსეთში დააგროვა, 200 მილიონ დოლარს აჭარბებს. "ჩემი ქონება კგბ"-მაც კი ვერ დათვალა", - განაცხადა მან 2014 წლის ივნისში, ტვ "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში, სადაც ასევე, აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.       ბიზნესმენის გეგმის მიხედვით, იქ პორტი და ტყუპი შენობები (ორმოცდაოთხ სართულიანი ბიზნესცენტრი), ასევე სასტუმრო უნდა აშენდეს"-წერს "აფხაზეთის ხმა".

     აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი ,,კონტი ჯგუფიც"", რომლის წარმომადგენლები საქართველოში უკვე არაერთხელ იმყოფებოდნენ და პორტის განვითარების საკუთარი ხედვაც უკვე წარადგინეს. ეკონომიკის სამინისტრო პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

   რაც შეეხება სომხეთში თბოელექტროსადგურის აშენების პროექტს, მისი ოფიციალურად გაცხადებული მიზანია ანაკლიის პორტის მშენებლობის განმავლობაში მისი უზრუნველყოფა ელექტროენერგიით. ქარჩავა ამბობს, რომ ვანაძორში თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული თანხა, ფაქტობრივად, პირველი ინვესტიციაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაიდო.

   კიდევ ერთი დეტალი, როგორც თავად ბიზნესმენი აცხადებს:-""ობიექტის მშენებლობის დროს და ექსპლოატაციის 5 წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობა "ანაკლია ენერჯის" გადასახადებისგან ათავისუფლებს. თითქმის მთელი ელექტროენერგია, რომელსაც თბოსადგური გამოიმუშავებს [4 მილიარდი კილოვატსაათი], ექსპორტისთვის არის განკუთვნილი".

 

 

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: