მუცოს საიდუმლო განძი

მუცოს საიდუმლო განძი

   სოფელი მუცო მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე, სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში.

უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს.

ნასოფლარის კუთვნილი ძეგლებია:

I.ბორჩაშვილების ციხე-სახლი

II.ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი

III.თორღვაის კოშკი

IV.თორღვაის ციხე-სახლი

V.კოშკიანი ციხე-სახლი

VI.ჩოლოყაანთ კოშკი

        არსებობს ლეგენდა მუცოს საიდუმლო განძის შესახებ:

   ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ "ათენგენობაზე" გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკებიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავსე "ხატის თასებს" ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. მერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.

   მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან – მდინარის მხრიდან და ზემოდან – კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი სდარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი – მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.

   როცა თოფი და ტყვია შემოვიდა, მუცოელებმა მაშინაც გამოიჩინეს თავი. მუცოსთან შორიახლოს, კლდეში დღესაც მოიპოვება გოგირდის შემცველი, თოფის წამლისათვის საჭირო ნაღვენთი, რომელსაც "ჩქას" იფნის ხის ნახშირში ურევდნენ, ჩეჩქავდნენ, ხარშავდნენ და დენთის განსაკუთრებული ტექნოლოგიით ამზადებდნენ. დღეს ის აღარავის ახსოვს.

   მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ამ ციხეს ერთი ლეგენდა უკავშირდება: 

   მუცოში ცხოვრობდა ხუთი ძმა შეთეკაურები. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა და შეიძლება, ამიტომ მას ჩოლოხას ეძახდნენ. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ. წასულა ის კახეთში და იქ ერთ მემამულესთან 12 წლის განმავლობაში პატიოსნად უმსახურია. გასამრჯელოდ კი ერთი ჯორი უთხოვია – მთაში აქაური მაინც არაფერი გამომადგებაო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა მასზე უკუღმა და გზას გასდგომია. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, რა გაწყენინეო? არაო, უთქვამს ჩოლოხას, უბრალოდ, აქ იმდენი ვიშრომე, სანამ ეს მიწა მოსჩანს, ზურგს როგორ შევაქცევო. ძალიან მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას პასუხი და იმ მიწის პატარა ნაკვეთიც უჩუქებია. დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში და აქედან წამოსულა ჩოლოხაშვილების გვარიც. არსებობს ვარაუდი, რომ ჩოლოხასგან წარმოიშვა ჩოლოყაშვილების გვარიც.

 

   წყარო: dzeglebi.ge 

 

 

    

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: