უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში დევნილის სტატუსი 916 პირს მიენიჭა

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში დევნილის სტატუსი 916 პირს მიენიჭა

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს პერიოდულად გამოაქვეყნებს.

 

   2007 წლის მონაცემების მიხედვით, დევნილთა ბაზაში აღრიცხული იყო 271 832 პირი.  აღნიშნული  მონაცემების განახლების მიზნით,  მთავრობის N794 განკარგულების საფუძველზე დაინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც დაიწყო 2013 წლის პირველ აგვისტოს და დასრულდა 2014 წლის პირველ ივნისს.  

ახალი მონაცემებით, რეგისტაცია გაიარა 258 038 დევნილმა, რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დევნილის სტატუსი შეუწყდა 17 177 პირს.

 

   უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, დევნილთა სამინისტროს სტატუსის მინიჭების და აღდგენის მოთხოვნით მიმართა 1546  პირმა, აქედან დევნილის სტატუსი მიენიჭა 916 პირს, მათ შორის 325 ახალშობილია, ხოლო სტატუსი აღუდგა 52 პირს.

 

   დევნილის სტატუსი, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში,  საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო 11 პირს,  ხოლო   გარდაცვალების გამო  274 პირს შეუწყდა.

   დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 121 პირს, მათ შორის ამნისტიით ისარგებლა 77-მა  მოქალაქემ. გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა პირადობის და დევნილის მოწმობებში გაყალბებული ფოტოსურათი, სახელის და გვარის გაყალბება,  და განსაკუთრებით ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ დევნილზე ფიქსირდება 2 ან მეტი დევნილის მოწმობა.

   2013 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც პირებს, რომლებმაც გააყალბეს იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა და აღნიშნულის თაობაზე მიმართვენ კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეპატიებათ აღნიშნული დანაშაული და შეუნარჩუნდებათ მიღებული ფინანსური სარგებელი.   ამნისტია არ შეეხებათ იმ "დევნილებს", რომლებსაც სახელმწიფოსგან  მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან ფართის ექვივალენტური ფულადი კომპენსაცია.

  

   როგორც უკვე აღვნიშნეთ, დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 121 პირს, თუ მათ ყოველთვიურ შემწეობას ციფრებში გადავიყვანთ, საკმაოდ შთამბეჭდავ სურათს მივიღებთ. გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე 121 დევნილი თვეში 5 445  ლარს იღებდა, რაც წელიწადში 65 000 ლარს აღემატება.

ეს თანხა აკლდება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელიც 45 ლარიან დახმარებას ყოველთვიურად ელოდება და  შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია!

    სამინისტრო  ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: