სპეციალური ბრიფინი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში
დღეს, 13 საათზე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ბორჯომის საკრებულოს წევრი გიორგი გიუაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "ლეიბორისტი"გიორგი გიუაშვილი და წაღვლის მაჟორიტარი ალექსანდრე გელაშვილი დაშავდნენ.
როგორც გიუაშვილი აცხადებს, საკრებულოს სხდომის დასრულებისას თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დარბაზის კარი ჩაიკეტა, რის შემდეგაც მას თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი და წაღვლის მაჟორიტარი დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აღნიშნულის მიზეზად გიუაშვილი მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს, კერძოდ საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის სახელფასო დანამატებზე.
"ამ შეხლა-შემოხლის დროს მომაძახეს, როგორ გაბედე "მაესტროსთან დაკავშირებაო",- განაცხადა გიუაშვილმა.
გელაშვილის განცხადებით კი, გიუაშვილმა თავად მიაყება მას სახის არეში მყარი საგნით დაზიანება.
მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მართალია დაპირისპირება მოხდა და ორივე დეპუტატს თავი უნდა შეეკავებინა, მაგრამ მაინც აცხადებენ, რომ თავად გიუაშვილი იქცეოდა გამომწვევად.