ცხადდება პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ვადები
იმ მშობლების საყურადღებოდ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელთა რეგისტრააციისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ უზრუნველყო შვილის სკოლაში რეგისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებით ვადებად განისაზღვრა 1 და 2 სექტემბერი.
რეგისტრაციისათვის საჭიროა ბავშვის მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს სკოლას და თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, სკოლას წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობდნენ კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში და შეუსრულდათ 5 წელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა მშობელს, რომელთა შვილების ასაკიც შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სკოლაში ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი, 1 და 2 სექტემბერს მიმართონ სკოლებს და არ დატოვონ შვილები ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის მიღმა.