გიორგი ტიგინაშვილი:-"მსწრაფლ განიღვიძე, მთვლემარე დასავლეთო!"

გიორგი ტიგინაშვილი:-"მსწრაფლ განიღვიძე, მთვლემარე დასავლეთო!"

     ვეღარ გამიგია, აფრო-ამერიკელი ობამასია თუ პუტინის ომობანასი ეს მსოფლიო.

     სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკრაინა თითქმის ყველა დასავლელმა ლიდერმა ურცხვად გაყიდა და მიატოვა. დოვლათსა და ფუფუნებაში ჩაფლულ ცივილიზაციას, არ ეთმობა განცხრომა-კომფორტი და შესაბამისად აუტკივარი თავის ატკიება თუ მორალურ-სამართლებრივი განსჯა ნაკლებად აღელვებს. მხოლოდ რიტორიკულ და სიტყვიერ შეშფოთებებს ვხედავთ. სხვა მხრივ კი, ყველა ქვეყანა, საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან ამოდის, რაც ძირითადად მხოლოდ ეკონომიკურ სიბრტყეზე დაიყვანება. ასეთ ვითარებაში, საინტერესოა თუ სადამდე მივა რუსეთის აგრესიის შედეგად მოცული ტერიტორიების სივრცე. 

    ბუნებრივად ჩნდება საფუძვლიანი და ლოგიკური ვარაუდი, ახალი საბჭოთა იმპერიის შექმნის იდეის ხორცშესხმის მცდელობისა, რომელსაც კრემლი ესოდენ ძალუმად ეშურება. ამ ფონზე კი მცირე ქვეყნებისა და ერებისათვის ჩნდება სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაკარგვის რეალური საფრთხე, რომელთაც ბირთვულ იმპერიასთან არანაირად არ შესწევთ ძალა დამოუკიდებელი და ანგარიშგასაწევი ბრძოლისათვის, რამეთუ რესურსი სრულიად უთანასწორო და არსებითად განსხვავებულია.  

    მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში, "ძერჟავნიკული" ძალმომრეობის თავხედური ფაქტი და სისხლიანი პრეცედენტი უკვე არაერთგზის განმეორდა, მოწინავე ქვეყნების პოლიტიკური ელიტა, კვლავაც თვლემს და პათეთიკურ ფრაზეოლოგიაში იხრჩობა, რაც ალბათ ძალზე ძვირად უნდა დაუჯდეს თითეულ მათგანს, რადგან ამგვარი ლოიალობა კოლონიალისტური ზრახვებისა და მადის წაქეზებას, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარდაუვალს ხდის.  

    რუსეთის ექსპანსიურ თუ დაპყრობით იმპულსს, ასეთ უსუსურ ევროპაში, ინერციით, აუცილებლად მოყვება მაამებლური და კაპიტულაციისკენ მიდრეკილი კონფორმიზმი, რაც მხოლოოდენ ლუგანსკით, ნიკოლაევით, დონეცკითა და ყირიმით არ დამთავრდება. ცოტა ხატოვნად თუ ვითყვით,უკვე ცხადია, რომ ნატოს ყეყეჩობას ფეხებში ნამგალი გამოუსვეს, ხოლო პენტაგონის მუქარამ კი თავში ურო მიიღო.

    ბოროტების იმპერია, თავის ჰეგემონიას გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად ზრდის, თანაც ისე, რომ დანაკარგი სულ უფრო და უფრო უმცირდება, ხოლო მონაგები კი თავისთავად უხვი აქვს. იგი, აწ უკვე დაუფარავად და ღიად ეწევა ძალისმიერი პილიტიკის დეკლარირებას, რომელსაც ფაშიზმთან ბრძოლად აფასებს, რაც თავისთავად ურცხვი ცინიზმია და მეტი არაფერი.

    ამრიგად, გილოცავთ მისტერ და მისის, სინიორ და სინიორა, დონ და დონა, ჰერ და ფრაუ, მონსიერ და მადამ! თქვენ გახდით სირაქლემას კეთილმოწყობილი ფერმის მკვიდრნი! გახსოვდეთ, რომ თქვენს "მომვლელს" რკინის ხორკლებიანი ჩექმა აცვია და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მწარედ გითავაზებთ. მომხვდურის მოსაგერიებლად კი ერთადერთი გამოსავალი არსებობს: – გაერთიანდეთ სრულიად ფერმის სხეულ-სამშვინველიანი (სამწუხაროდ, გონიერი სული, უკვე კარგა ხანია, რაც დაკარგეთ) საზოგადოება და საერთო მტრის გასანეიტრალებლად კონსოლიდირებულებმა, ნამდვილი ჩანისკარტებით, იერიში მიიტანოთ ესოდენ მოუსვენარ და მჩაგვრელ "მომვლელზე". წინააღმდეგ შემთხვევაში, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლოდ ყველანი საზეიმოდ დაიკვლებით!

    ისე, თქვენს "ევროკავშირსა და ნატოს მონატრებული" – ჩვენი "განვითარებადი" შოთა რუსთაველი, ჯერ კიდევ XII საუკუნიდან გამხელდათ პრობლემათა დაძლევის გზაზე, როცა იძახდა, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელიაო" და რა ხდება ახლა საინტერესოა, რატომ დათარეშობს ასე ბოროტი? ნუთუ კეთილი თქვენში აღარავინ არის, რომ უკეთური დაჯაბნოს?! ჩნდება ლოგიკური კითხვა: შემთხვევით ყველანი ერთნი ხომ არ ხართ ამ სიბინძურეში? ვეჭვობ, რომ ასეა მასონო მერკანტილისტებო!

   მითიშულო დასავლეთო, შემირცხვენია თქვენი ტექნო–პროგრესი, ინოვაციური და მოდერნისტული ბერკეტები, დიპლომატიური და ორაზროვანი ლექსიკა, მოსაბეზრებელი მესიჯები და იდეალისტური ფრენა. იმოქმედეთ, სანამ ცივი ომი – მდუღარეში არ გადაზრდილა!

   P.S. ვეღარ გამიგია, აფრო-ამერიკელი ობამასია თუ პუტინის ომობანასი ეს მსოფლიო.

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი,

მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: