ბერდია კალანდია:-"ბატონებო, "გაიღვიძეთ უკვე დეპოში ვართ!"
ივერიონს წალენჯიხიდან ჟურნალისტი ბერდია კალანდია დაუკავშირდა და წერილის, რომლითაც ის საკრებულოს წევრებს საჯაროდ მიმართავს ფართო საზოგადოებამდე მიტანა გვთხოვა.
ივერიონი წერილს უცვლელად გთავაზობთ და ასევე მიმართავს წალენჯიხის საკრებულოს წევრებს, წერილზე კომენტარის გამოთქმის შემთხვევაში, ან საპასუხო წერილის დაწერის სურვილის გაჩენისას, სიამოვნებით დაგითმობთ დროს, რათა თქვენი შეხედულებაც ფართო საზოგადოებამ გაიგოს.
-"2014 წლის 21 აგვისტოს გამართულ წალენჯიხის თვითმმართველობის საკრებულოს რიგგარეშე სხდომზე განსახილველად წარმოადგინეს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო დანიშნულების 447 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხი, მოგვიანებით, მისი პრივატიზაციის მიზნით (აღნიშნულ ნაკვეთზე მდებარეობს უტუ მიქავას ძეგლი და ის მიეკუთვნება მდინარე ჭანისწყლის ციცაბოფერდობიან და შემაღლებულ სანაპირო ზოლს) რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და ამ საკითხზე გამართულ კამათს ჩავთვლიდით საკრებულოს რუტინულ სამუშაოდ, რომ არა სხდომის განმავლობაში წამოჭრილი უთანხმოებები საკრებულოს წევრებს შორის და აქედან გამომდინარე მეტადრე საეჭვო გარემოებები, რომელიც უკავშირდება ამ მიწის ნაკვეთის სასწრაფო წესით, ცალსახად უკანონო პრივატიზაციის შემოქმედთა დანაშაულებრივ მოტივებს.
გარდა ამისა, სხდომის განმავლობაში სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ცხადად და თვალნათლივ გამოიკვეთა ფუნდამენტური ხასიათის მუდმივი და ყბადაღებული პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად საკრებულოს პერსონალური შემადგენლობის ქვალიტატიურ მხარესთან: წევრების უმეტესობას არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, ნორმაზე დაბალია მათი პოლიტიკური ინტელექტის ქვოტა, კომპლექსური საკითხების გააზრების უნარიანობა და ა.შ. ყოველივე ეს ბუნებრივად აისახება საკრებულოსა და მისი ორგანოების მუშაობის ხარისხზე.
საკრებულოს მუშაობის პროცესის უკეთ აღსაქმელად, მკითხველს შევთავაზებთ მოკლე ექსკურსს საკრებულოს სხდომაზე საკითხის წარდგენას, ჩვეულებრივ და წესისამებრ წინ უძღვის შესაბამის სფეროში უფლებამოსილი საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების მოსამზადებელი სამუშაოები: კომისია ვალდებულია მოიპოვოს ყველა ამ საკითხის გასააზრებლად საჭირო რელევანტური ინფორმაცია, გაეცნოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, გამოიყენოს საკუთარი ნორმატიული აქტები, მოითხოვოს გამგეობის შესაბამის სამსახურთა დასკვნები და რეკომენდაციები, გაეცნოს სხვა თვითმმართველ ერთეულთა პრაქტიკას და პრეცენდენტებს, მოუსმინოს ექსპერტებს, მათ შორის საორენტაციოდ გამოიყენოს სამეცნიერო ლიტერატურა, თვით სასამართლოს გადაწყვეტილებებიც და ა.შ. შემდგომ ამისა, საკითხიდან გამომდინარე, აწონ-დაწონოს და ერთმანეთს დაუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები. კომისიები ვალდებულნი არიან, ამ შემეცნებით-შეფასებითი პროცესის დასასრულს თვალსაჩინო გახადონ და დააკონკრეტონ სარგებელის ის სახეობა ან სახეობები, რომლებიც შეიძლება მიიღოს თვითმმართველმა ერთეულმა და მისმა მოქალაქეება, ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციით და შემდგომ ამისა წარუდგინოს ის საკრებულოს საბოლოო გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომის ოქმებიდან ამ საკითხზე საკრებულოს წევრების მხრიდან მსგავსი გონებრივი აქტივობის ნიშნების ამოკითხვა შეუძლებელია, მათი არარსებობის გამო. გვრჩება შთაბეჭდიელბა, რომ საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა მოჩვენებითი სხდომები გამართეს საქმიანი დისკუსიის გარეშე. ამ მოსაზრებას განამტკიცებს აგრეთვე, მოგვიანებით უკვე საკრებულოს მთავარი სხდომის მიმდინარეობისას, საკრებულოს წევრების მიერ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე გამოთქმული, უმეტესწილად ქარაფშუტული პრო და კონტრა.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრების აზრი (შეხედულებათა თუ არგუმენტაციათა ჭიდილი ამას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ, პირიქით საკრებულოს წევრებს შორის გამართული ეს კამათი შეიძლება, ნაძალადევი თავაზიანობის გარეშე მხოლოდ "სამზარეულოში გამართულ ჭორაობად" შეფასდეს) სამად გაიყო, ხოლო გამგეობის შესაბამისი სამსხურის ხელმძღვანელთა -ორად. ამასთანავე, ობიექტურობისთვის გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამგეობის სამსახურების მესვეურთა მოსაზრებები ამ საკითხზე შედარებით კომპეტენტურობით გამოირჩეოდნენ, თუმცა მათ აკლდათ პრინციპულობა საკუთარი პოზიციის დაცვისას. საერთო ჯამში, საკრებულოს ამ სხდომის კეთილგონიერ და ყურადღებით დამკვირვებელს აუცილებლად გაუჩნდებოდა იმის შთაბეჭდილება, რომ ეს სახელმწიფო ორგანოს თათბირი კი არა, ამაოების ბაზარია, სადაც ნებისმიერ თემაზე დაუღალავად შეგიძლია გასართობად იჭორაო და დაბინდული გონებით ღვინით შეზარხოშებულივით ილაზღანდარაო, იოტისოდენა ღირებული შედეგის გარეშე.
პატივცემულო მკითხველო, ვიდეო კადრების უქონლობის გამო, დაწვრილებით ვერ მოგიყვებით იქ გამოთქმულ მოსაზრებებს და ვერც სტენოგრაფიული სიზუსტით აღვიდგენთ მეხსიერებაში დარჩენილ მომენტებს, შევჩერდები მხოლოდ ძირითადზე, რათა უტყუარი ფაქტიური მასალის მოყვანით დავასაბუთო ზემოთმოყვანილ ოთხივე აბზაცში განვითარებული მსჯელობები.
1. ვინ იყო ამ მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და შემდგომ მისი პრივატიზაციის მომხრე (პრო) და რა არგუმენტები გააჩნდათ მათ?
განსაკუთრებული გავეშებით და მაგიდაზე მუშტების ბრახუნით ამ საკითხს იცავდა საკრებულოს მრავალგზის წევრი და ამჟამად ერთ-ერთი მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელი ბატონი ანზორ(ტაგუ) ფიფია, სხვათაშორის ის ხელმძღავენელობს სწორედ იმ კომისიას, რომელმაც თითქოს "დაამუშავა" ეს საკითხი და თუ როგორ ამას მოგვიანებით გაეცნობით. მისი არგუმენტები თითქმის არც ეხებოდა ამ საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელ დასაბუთებას. ბატონი ანზორი შეეხო იქვე, საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე ე.წ. "პავილიონის" თავის დროზე პრივატიზაციის კანონიერების საკითხს და მოითხოვა მისი, ისევ თვითმმართველობისთვის დაბრუნება. ეტყობა ბატონი ანზორი ვერ გამოვიდა ადეიშვილ-კეზერაშვილის უკანონო ექსპროპრიაციული(კერძო საკუთრების ჩამორთმევა) პრაქტიკის ბურანიდან და ყალბი ემოციური მღელვარებით მოითხოვდა სასამართლოსთვის მიმართვას. ბატონო ანზორ, პირველი, მაშინ როდესაც ამ "პავილიონის" პრივატიზაცია მოხდა, თქვენ ბრძანდებოდით საკრებულოს წევრი და უპრიანი იქნებოდა მაშინ გამოგეხატათ თქვენი გულისწყრომა, მეორე, რომც იყოს პავილიონი უკანონოდ პრივატიზებული, დამნაშავეთა დევნას ვერ განახორციელებთ ხანდაზმულობის პრინციპიდან გამომდინარე, მესამე, ეს ე.წ. პავილიონი, მისი თავდაპირველი პრივატიზაციის დროიდან, დღესამომდე უკვე მესამე კეთილსინდისიერი მესაკუთრის ხელშია გადასული და მისი ეს უფლება საკუთრების აბსოლუტური უფლებითაა დაცული და მეოთხე, ამგვარ სანაპირო ზოლში წარსულში აშენებულ შენობა-ნაგებობებზე კანონით მთელი რიგი შეზღუდვებია დაწესებული, რომელიც მესაკუთრეს ზომაზე მეტად ბოჭავს სამშენებლო განზრახვებისას, ყოველივე ეს კი ამცირებს მის საბაზრო ღირებულებას.
საკითხი განსახილველად სხდომაზე შემოიტანა საკრებოლს წევრმა და დამატებით საკრებულოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა დალი კვარაცხელიამ. სწორედ ეს კომისია, ანზორ ფიფიას კომისიასთან ერთად, "ამუშავებდა" ამ საკითხს. ქალბატონი დალიც მხარს უჭერდა ამ მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და მის შემდგომ პრივატიზაციას და ტრიბუნაზე შემდგარი, მოჩვენებითი კომპეტენტურობით ამტკიცებდა, რომ საკითხი საფუძვლიანად მომზადებულია და ახლა მხოლოდ მისი ნორმატიულ აქტად გაფორმებაა საჭირო.
ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციას ასევე მხარს უჭერდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბატონი გია ლუკავაც. არსებობს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის საკითხის საკრებულოში "შემოგდებას" სწორედ ის ლობირებდა და მას გააჩნდა კერძო ინტერსი ამ საგანზე. ის სხდომაზე დაუფარავად განსაკუთრებულ ინტერესი იჩენდა და დამრიგებლური ტონალობით საკრებულოს წევრებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირათ ამ საკითხისათვის. ის უფრო შორსაც წავიდა და მოითხოვდა ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციას უტუ მიქავას ძეგლთან ერთად.
საკრებულოს ერთ-ერთმა ახლადგამომცხვარმა წევრმა პასუხად იმისა, თუ რატომ უნდა შეიძლებოდეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობის აღმართვა, მოიყვანა ე.წ "პავილიონისა" და რესტორან "ლაკადის" სანაპირო ზოლში მდებარეობის უბადრუკი ანალოგია, რითაც ცდილობდა ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის დასაბუთებას. პატივცემულო ახლადგამომცხარო საკრებულოს წევრო, ე.წ. "პავილიონისა" და რესტორან "ლაკადას" ნაგებობები აღმართულია საბჭოთა მმართველობის ხანაში, მაშინ არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, ხოლო თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთზე ვრცელდება 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რომელზეც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი. და თუ რატომ არ ვრცელდება მოქმედი კანონი, წარსულში განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის ვითარებაში აღმართულ შენობა-ნაგებობებზე, ამ კითხვაზე არსებობს ასეთი პასუხი, რომ კანონს არ აქვს ამ შემთხვევაში უკუმოქმედების ძალა და რომ მისი გამოყენება წარსულის ფაქტებზე გამოიწვევს სოციალურ მღელვარებას და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. ასევე სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კანონის განჭვერეტადობის თვასაზრისით, არ იქნებოდა მისაღები ამ კანონისათვის მიენიჭებინათ უკუქმედების ძალა. მინდა გირჩიოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, გაეცნოთ სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რათა არ გახდეთ სხვების დასაცინი და სამასხარაო.
2. ვინ იყო ამ მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და შემდგომ მისი პრივატიზაციის მოწინააღმდეგე(კონტრა) და რა არგუმენტები გააჩნდათ მათ?
საკრებულოს წევრთაგან მხოლოდ ბატონი ივერი კვარაცხელია გამოვიდა ამ საკითხის წინააღმდეგ და მოიყვანა სხვადასხვა არგუმენტები. ძირითადად ის აპელირებდა უტუ მიქავას ძეგლის გადატანაზე და მიაჩნდა ეს არასწორად. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ივერი ჯეროვნად არ იყო გარკვეული სამრთლებრივ ნიუანსებში, მაინც მას არ უღალატა "იურიდულმა ინტუიციამ" და მისი დამსახურებაა, რომ საკრებულომ ვერ მიიღო ეს დადგენილება.
ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა გამგეობის სამსახურის ერთ-ერთი ხლმძღვანელი ბატონი ჯემალ კვარაცხელია, რომლის არგუმენტი უკვე სამრთლებრივი დასაბუთების კონტურებს ატრებდა, თუმცა მისი მოსაზრება რჩებოდა "უდაბნოში მოღაღადე ხმად" პ.კ. " ქართული ოცნების" უმეტესწილად არაკომპეტენტური და მორჩილი უმრავლესობის გადამკიდე.
3. რას აკეთებდნენ საკრებულოს დანარჩენი წევრები?
რამდენადაც ისინი არაფერს არ აკეთებდნენ, საკუთარ მოსაზრებას არ გამოთქვამდენენ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი იყვნენ ერთგვარი ნირვანული ტრანსის მდგომარეობაში. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ საკრებულოს ეს წევრები, თითქოსდა სადმე ჩინეთში კონფუცის მიმდევრების ფილოსოფიურ კლუბში, მათთვის სრულებით გაუგებარ სფეროში და უცხო ჩინურ ენაზე "ისმენდნენ" აბსრაქტულ ტრაქტატებს.
პატივცემულო მკითხელო, ახლა უკვე ის დროა, როდესაც შეგვიძლია დავსვათ ძირითადი კითხვები და გავცეთ მას პასუხები, რომლებიც უფრო მეტ სინათლეს და გარკვეულობას შემოიტანენ ამ საკითხში:
1. აქვს თუ არა საკრებულოს საპრივატიზაციო ნუსხის შედგენის უფლებამოსილება?
რა თქმა უნდა ამგვარი უფლებასილება საკრებულოს გააჩნია თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად.
2. შეუძლია თუ არა ამ საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანოს საკრებულომ, ყველა მის თვითმმართველ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები?
საკრებულოს არ შეუძლია საპივატიზაციო ნუსხაში შეიტანის მის ტერტორიაზე არსებული ყველა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, განსაკუთრებით ის ტერიტორიები, სადაც სპეციალური რეჟიმი ვრცელდება.
3. რატომ არ შეუძლია და ვინ უზღუდავს მას ამ სფეროში მოქმედების ავტონომიას?
მიხედევად იმისა, რომ ამ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილება არსებობს, უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უმნიშნელოვანესი საჯარო ინტერსებიდან და საერთოეროვნული სახელწიფო პოლიტიკის გატარების აუცილებლობდან გამომდინარე, შეუძლიათ შეზღუდან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება.
4. სად შეიძლება მოვიპოვოთ ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობას, საკრებულოს ზემოთნახსენებ მატერიაში პრივატიზირების უფლებამოსილება არ გააჩნია?
ამის შესახებ ინფორმაციებს ვიღებთ უმაღლესი სახელმწიფო საკანონმდებლო და მმართველობის ორგანოების საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებიდან. ამ კონკრეტული შემთხვევისათვის "წყლის შესახებ" საქართველოს კანონიდან და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის(ძალაშია 2014 წლის 1 იანვრიდან) დადგენილებიდან.(ნორმატიული აქტი)
5. რას ამბობენ ზემოთდასახელებული სამართლებრივი აქტები?
ა) "წყლის შესახებ" საქართველოს კანონს შემოაქვს უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესის მდინარის წყალდაცვითი ზონის ცნება. ამ კანონის მე-20 მუხლი ადგენს მდინარე ჭანისწყლის წყალდაცვითი ზონის სიგანეს, მდინარე ჭანისწყლის სიგრძის პროპორციულად. რამდენადაც მდინარე ჭანისწყალი 69 კილომეტრის სიგრძისაა, მისი წყალდაცვითი ზონის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს და მოიცავს 30 მეტრს. ამ ზოლის ფარგლებში აკრძალულია სამშენებლო და სხვა მოქმედებები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი და ამ ზოლში მოქმედებს სპეციალური რეჟიმი.
ბ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის # 445 დადგენილება "საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ ტექნიკური რეგლამენტი" აკონკრეტებს კანონის შესაბამის მუხლს, ქმნის ნორმატიული ხასიათის ტექნიკურ ინსტრუმენტებს და ჩამოთვლის შესასრულებლად აუცილებელ მოქმედებებს. მთავრობის ეს დადგენილება ზუსტად იმეორებს "წყლის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ 50-75 კილომეტრამდის სიგრძის მდინარის წყალდაცვითი ზონის (ზოლის) სიგანეს. ამასთანავე, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გენერალური გეგმის შედგენისას, ამ მოთხოვნიდან დამატებით აშკარად ჩანს ასევე, მსგავსი სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიების გასხვისების აკრძალვის დაწესება საკრებულოსთვის. რეგლამენტი ჩამოთვლის სპეციალურ წყალდაცვით ზონაში აკრძალული მოქმედებების ნუსხას და მათი დარღვევისათვის აწესებს პასუხისმგებლობას.
აქედან გამოდინარე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება მდინარე ჭანისწყლის წყალდაცვითი ზონას, სადაც ვრცელდება სპეციალური რეჟიმი და ამ ზონის ფარგლებში აკრძალულია საწარმოო, სატრანსპორტო, სამშენებლო, კომუნალური და სხვა სამეურნეო ობიექტების, შენობების, ნაგებობების (გარდა წყალამღები, წყალმარეგულირებელი, ჰიდროტექნიკური და ჰიდრომეტრიული ობიექტებისა) მშენებლობა.
და ბოლოს, ისევ მინდა მივმართო საკრებულოს წევრებს, ქალბატონებო და ბატონებო, ნაცვლად აღნიშნული ტერიტორიის კოლექტიურად არაფრის მომცემი და უსარგებლო დათვალიერებისა და სხდომაზე ბუჩოს განიავებისა, იქნებ წიგნები წაიკითხოთ, რათა გაიწვრთნათ გონება, რომელიც აუცილებელი პირობაა კომპლექსური საკითხების გარჩევისათვის. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მუდმივად საქართველოს სამართლებრივი აქტების შტუდირებით უნდა იყოთ დაკავებული.
ბატონებო, "გაიღვიძეთ უკვე დეპოში ვართ!"