პრეზიდენტი კაბინეტს პრემიერ-მინისტრთან გაიყოფს
პარლამენტის ძველ შენობაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ცალკე სამუშაო ოთახი აღარ ექნება. კაბინეტის გაყოფა მას პრემიერ-მინისტრთან მოუწევს.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შენობის B-ფლიგელში გამოყოფილი ე.წ. პრეზიდენტის სართული ექსკლუზიურად პრეზიდენტისთვის აღარ იქნება განკუთვნილი.
ამასთან, უსუფაშვილი აცხადებს, რომ შენობაში კვლავ ექნებათ სამუშაო ოთახები პარლამენტის წევრებს.
-"მოხდება ამ სართულის რეკონსტრუქცია ისე, რომ იქნება სათანადო ადგილი, როცა პრეზიდენტი მობრძანდება, უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობა, როცა პრემიერი მობრძანდება უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობისთვის.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს, ვისაც ამის სურვილი ექნება და გამოთქვეს სურვილი, მათ ექნებათ სამუშაო ადგილი ამ შენობაშიც. იმიტომ რომ ეს შენობა არის პარლამენტის ბალანსზე და ჩვენ გვაქვს საშუალება პარლამენტის წევრებს მივცეთ იმისი "ფუფუნება", რომ დედაქალაქშიც იშრომონ ხოლმე, თქვენ შეგხვდნენ და სხვასაც"-განაცხადა უსუფაშვილმა.