თეა წულუკიანი: მომავალ თაობებს ამაყად უნდა შევხედოთ თვალებში!
თეა წულუკიანი საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე - "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სასამართლო რეფორმაზეც.
"განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან თემას - თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რაც ყველაზე აქტუალური თემაა, რადგან სწორედ ამაზე მუშაობს დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველი ერი, რომ შექმნას თანამედროვე სახელმწიფო. ამაყად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენმა მთავრობამ ამისათვის თითქმის ორ წელიწადში მასშტაბური რეფორმები გაატარა, რათა ჩვენ ერთ დღეს შევძლოთ, მომავალ თაობებს ამაყად შევხედოთ თვალებში და არ შეგვრცხვეს. ჩემი მოხსენების ნაწილი ეხება იმას, რაც არის საკანონმდებლო ცვლილებები, სისხლის სამართლის რეფორმა, ადამიანის უფლებების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელზეც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა; ზოგადად, დაცული, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კომფორტულად გრძნობს საკუთარ სახელმწიფოში თავს და ეამაყება საკუთარი მოქალაქეობა. ეს არის თანამედროვე სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს შექმნაში ჩვენი სამინისტრო საკმარისად დიდ როლს ასრულებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.