რატომ მიდის ხელისუფლება საკუთარი ნებით ეშაფოტზე?!
ჟურნალისტი ელისო კილაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას ითხოვს. ამის მიზეზად წუხელ ბარნოვის ქუჩაზე საკუთარ სადარბაზოსთან კიდევ ერთი ახალგაზრდის ჩაცხრილვას და კრიმინალური სიტუაციის გამწვავებას ასახელებს.
ჟურნალისტის აზრით, უკვე მეტის მოთმენა არ შეიძლება - ქვეყანა ისევ კრიმინალურ წარსულს უბრუნდება და ადამიანებს დაუცველობის განცდა უჩნდებათ.
იგივე თემას აგრძელებს პატრიოტული სულისკვეთებითა და კრეატიული აზროვნებით გამორჩეული ქალბატონი ზეინაბ დიასამიძე, რომელიც საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კერძოდ, იგი წერს:
„დღე არ გაივლის, რომ მკვლელობა არ მოხდეს – დღისით... მზისით... ქალაქის ცენტრალურ უბნებში!
დღე არ გაივლის... თვითმკვლელობის და უვერაგესი დანაშაულის გარეშე!!!!
დღე არ გაივლის... რომ "მელკი", თუ "მძიმეწონიანი" ხულიგნობა არ მოხდეს ქალაქში – და ამ დროს პოლიცია არსად ჩანს!... უფრო მეტიც (!)... ეს ხულიგნები ისე მშვიდად გრძნობენ თავს (დღისით, თუ ღამით) პოლიციის უმოქმედობით, რომ მოქალაქეებს ასე პასუხობენ..." თქვენს პოლიციასაც შე@@ციო" (უკაცრავად!)...
ასე რამ დააკნინა პოლიციის ფუნქცია???!!!
ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით!
ჩვენ, "ნულოვანი ტოლერანტობით" და "გონივრული ეჭვით" პოლიციის მიერ ქუჩაში ჩახოცილი ბიჭები არ გვინდა... მაგრამ არც ასეთი განუკითხაობა და ქაოსი... რომ ახალგაზრდებმა... ადამიანებმა ერთმანეთი დახოცონ!!!!
ამის ანალიზს ვინმე აკეთებს ქვეყანაში????!!!!!!... თუ მხოლოდ ნაცბანდის "ტლიკინით"ვარტ დაკავებული????
კიდევ ერთი... ცოცხებს ვინაც მართლა იმსახურებდა – ისინი თავისუფლებაზე "გამოყარეს“...
და ვინაც იტანჯებოდნენ დაუმსახურებლად... მიშას ხუშტურების გამო... ისინი ჯერაც კიდევ იქ სხედან!!!!
კარგით რა!!!!
მიხედეთ ქვეყანას!“
სამწუხაროდ, ქ-ნი ზეინაბი ყველა საღად მოაზროვნე და მომავალზე დაფიქრებული თანამოქალაქის აზრს გამოხატავს და დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, იმდენად გაუსაძლისი და უკონტროლო გახდა ჩვენს გარშემო ყველაფერი, უკვე არა დაფიქრების, არამედ, თავში მუშტების შემორტყმის და აქტიური მოქმედების დროა!
თუ კაზანტიპი და საკანონმდებლო დონეზე აყვანილი სხვა ანტისახელმწიფოებრივი ტრიუკები საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას, კრიმინალური სამყაროს აღზევება ანადგურებს ქართულ გენოფონდს, ხოლო, საზოგადოებაში უპერსპექტივობისა და ნიჰილიზმის გრძნობას აძლიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა“ რეჟიმმა კრიმინალურ სამყაროს ომი გამოუცხადა, კრიმინალი (პირდაპირი გაგებით) სახელმწიფოს რანგში აიყვანა და სახეზე გვქონდა ქვეყანაში უმოწყალოდ ჩახოცილი უდანაშაულო ახალგაზრდები, მაპატიეთ და უკანალში ცოცხებგარჭობილი ასევე უდანაშაულო პატიმრები, უკანონოდ წართმეული ქონება და უკიდურეს ტერორში მყოფი საზოგადოება, რომელსაც ღირსების გრძნობაც წაართვეს!..
ჩვენდა საუბედუროდ, ნაადრევი აღმოჩნდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგებით გამოწვეული ხბოს აღტკინება - „ნაციონალური“ რეჟიმი თითქოს დავამთავრეთ, ქვეყანაში მოჩვენებითმა სიმშვიდემაც დაისადგურა, მაგრამ... ეს ყველაფერი მართლაც მოჩვენებითი აღმოჩნდა - კოალიციაში მოკალათებულ „გადაცმულ“ „ნაციონალებს“ თავი რომ დავანებოთ, ბოლო არ უჩანს გაქამელეონებული „ნაციონალების“ შენარჩუნება-დაწინაურებას სახელმწიფო სტრუქტურებში (განსაკუთრებულ სამართალდამცავ ორგანოებში და ადგილობრივ თვითმმართველობებში), რომლებიც საბოტაჟის მისიას აშკარად თუ შეფარვით ასრულებენ.
სხვათაშორის, მრავალგზის მომისმენია „ოცნების“ მხარდამჭერებისგან, რომ ისინი, ვინც „ნაციონალურ“ ჯოჯოხეთს აწყობდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, დღეს რეგიონებში წამყვან პოზიციებს იკავებენ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ნაციონალური“ რეჟიმის მიმართ ნოსტალგიასაც არ მალავენ!
როგორც ქალბატონ ზეინაბ დიასამიძის სტატუსის კომენტარში აღვნიშნე - ეს ყველაფერი შორს გამიზნული პროვოკაციაა, რომლის მიზანია არეულობის პროვოცირება ქვეყანაში და დღევანდელი ხელისუფლების მარგინალიზება. მეტიც, ეს არის საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ...
დადგა გამოღვიძების, ღირსების აღდგენაზე არა მარტო დაფიქრების, არამედ აშკარა მოქმედების ჟამი...ფაქტია, რომ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ თუ არ მოიშორა „ნაციონალური მეტასტაზები“, რომელიც „მთელ სხეულს შემოეჭდო“ და ქვეყანას დაუძლურებით, საბოლოო ჯამში კი სრული ქაოსით და ახალი ჯოჯოხეთით ემუქრება!
ნათქვამია, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო! ყველაფერი, რაც ამ ბოლო ხანებში ჩვენს თვალწინ ხდება, არის სწორედ გენერალური რეპეტიცია იმ დაანონსებული საშემოდგომო არეულობისა, რომელიც, თუ ერის ჯანსაღი ნაწილი ერთ მუშტად არ შეიკრა, შეიძლება საქართველოსთვის საბედისწერო აღმოჩნდეს!..
მე არ ვეთანხმები ქ-ნ ელისო კილაძეს, რომელიც გამოსავალს მხოლოდ შინაგან საქმეთა ახალბედა მინისტრის განთავისუფლებაში ხედავს: - ხელისუფლებამ ყველა დონეზე უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება სიტუაციის არსებითად ლოკალიზებისთვის - უნდა დამთავრდეს იწილო-ბიწილოს თამაში სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უნდა ვემზადოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც პოლიტიკურ ბალანსს შეცვლის და „ნაციონალურ მოძრაობას“, - როგორც რევანშისტულ პოლიტიკურ ძალას - საბოლოოდ საკუთარ ადგილს მიუჩენს!
ისედაც ნათელი იყო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი გარდამავალი იქნებოდა საქართველოსთვის...
დროა ვარდისფერი სათვალეები მოვიხსნათ და თვალი გავუსწოროთ რეალობას - მარჯვნივაც ქარაფებია, მარცხნივაც ქარაფებია... წინ ახალი რეალობისკენ!..
ზაურ ნაჭყებია