საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინას და კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრის მომხრეა
„პარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილი კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად,“ - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომელიც უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად მოამზადა.
აღნიშნული რეზოლუციის პროექტი პარლამენტში გია ვოლსკის, ირაკლი ჩიქოვანის, დავით ბერძენიშვილის, მალხაზ ვახტანგაშვილის, გოგი თოფაძის და გიგა ბუკიას ინიცირებით მოხვდა.
პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი კიდევე ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
"პარლამენტი გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არამარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას, განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანების უფლებების მასობრივ დარღვევებს. პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლევის უზრუნველსაყოფად," - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.