„ნაციონალები“ ჭიკაიძის გადადგომას ითხოვენ!

„ნაციონალები“  ჭიკაიძის გადადგომას ითხოვენ!

„ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის  თანამდებობიდან გადადგომას და ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული სიტუაციის დაშოშმინებას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა პარტიის სახელით ირმა ნადირაშვილმა გააჟღერა.


„ადიგენში მამაკაცმა საკონტროლო გასროლით სამი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. გარდა ამისა, მკვლელობა მოხდა გუშინ  ბარნოვზე, ერთმა ამნისტიორებულმა მეორე მოკლა. გუშინვე მოკლეს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ლილოში. რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა მარნეულში. სპეცრაზმელები დაჭრეს ლილოში და მათი ნაწილი ახლაც საავადმყოფოშია. პოლიციელები მესტიის პოლიციის შენობაში ცემეს. ეს სია გაუთავებელია. სიტუაცია აღმაშფოთებელი და ძალიან საშიშია და იმ ზღვარზეა მისული, რომ გვეშინია ჩვენი ოჯახის წევრების გარეთ გასვლა შესაძლოა სახიფათოდ დასრულდეს. ეს არის შედეგი ოცნების მთავრობის უუნარო პოლიტიკის; შედეგი იმისა, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსასვლელად წინასწარ აიღო ვალდებულებები კრიმინალურ სამყაროსთან და ქალბატონ ეკა ბესელიას საშუალება მისცა, განეხორციელებინა მართლაც უპრეცედენტო, უპასუხისმგებლო ამნისტია და ალბათ დღეს, როდესაც ახალგაზრდებს ასალმებენ სიცოცხლეს და ამას აკეთებენ ამნისტირებულები, ეკა ბესელია დიდ უმრავლესობასთან ერთად გრძნობს პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას ამ მკვლელობებში. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ დღეს საქართველოს ჰყავს შს მინისტრი, რომელის ერთადერთი დამსახურება არის ის, რომ მისი მამა „ჰაკიმ ფაშას“ სიმამრის ნათესავი გახლდათ. სხვა მხრივ ის ვერ ფლობს სიტუაციას, არაადეკვატურია, მთელი საქართველოს მხრიდან მასხრადაა აგდებული და საკუთარი გუნდის წევრებიც კი არ უფრთხილდებიან“,– განაცხადა  ნადირაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: