გიორგი გუგავა:-" სადაა ბატონი ივანიშვილი, რომელიც არჩევნებამდე კახელ გლეხებს "ყველა ამ ქვეყნიურ სიკეთეს" ჰპირდებოდა?!."
ყურძნის ფასის კლებასთან დაკავშირებით კახელი ფერმერების პროტესტის საპასუხოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღანელმა ლევან დავითაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რთველის ჩაშლის მცდელობა არის მართული პროცესი.
-"სახელმწიფო არ ერევა კერძო კომპანიების საქმიანობაში და ფასს კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით ღვინის კომპანიები თავად ადგეგნენ'-ამბობს დავითაშვილი და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას რთველის შეფერხების შესახებ.
მისი თქმით ფასის კლების მიუხედავად წელს ყურძენზე მაინც უპრეცედენტოდ მაღალი ფასია. კახელ მევენახეთა ნაწილი ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საფერავის ფასის გამო უპირისპირდება. გლეხების თქმით, ორი დღის წინ საფერავი 2 ლარი და 20 თეთრი ღირდა, დღეის მდგომარეობით კი, 1 ლარს და 50 თეთრს არ აღემატება, რასაც პროტესტი მოჰყვა.
დავითაშვილის ბრიფინგს "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა გამოეხმაურა:
-"ოცნების" ჩინოვნიკებმა უტიფრობით უკვე გადააჭარბეს ნაცებს. გლეხებს აბრალებენ რთველის ჩაშლას, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს მთელი წლის მანძილზე, გაიღეს ხარჯი შხამ-ქიმიკატებისა და ვენახის მოვლა-პატრონობისათვის, ახლა თავაზობენ ყურძნის ჩალის ფასად ჩაბარებას, რომელიც გაწეულ ხარჯებსაც ვერ ფარავს. მაშინ როდესაც ღვინის მწარმოებელი ქარხნის მეპატრონეებმა(სხვათაშორის ერთერთი მთავარი ქარხნის მეპატრონე ივანიშვილის ძმაა) კარტელური(დანაშაულებრივი) შეთანხმება დადეს ყურძნის ფასის ხელოვნურად დაგდების შესახებ.
სადაა ბატონი ივანიშვილი, რომელიც არჩევნებამდე კახელ გლეხებს "ყველა ამ ქვეყნიურ სიკეთეს" ჰპირდებოდა?!."