რა შუაშია ჭიკაიძე, ანუ, რა დაგვიბარა ილია ჭავჭავაძემ?!
საზოგადოება ქვეყანაში გახშირებული კრიმინალური სიტუაციით შეშფოთებულია - არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ხელისუფლების მიმართ არსებულ პრეტენზიებს კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი დაემატა - რაც ყველაზე დამაფიქრებელია, ხალხში უიმედობის განცდა (დაუცველობის სინდრომი) თანდათან იღვიძებს!
შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანს ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის გამწვავება უხაროდეს, მაგრამ გამადიდებელი შუშის გარეშეც კარგად ჩანს, რომ ეს დიდი კოზირი აღმოჩნდა „ნაციონალებისთვის“,საკუთარი რიტორიკა „აღმატებულ“ ხარისხში აეყვანათ...
ნათქვამია, რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შემჭამს, თუ მგლისფერი ტურაო. მართალია, „ნაციონალებმა“ ქურდული სამყარო მოსპეს და ქუჩის კრიმინალი ალაგმეს, მაგრამ სამაგიეროდ ელიტარული კრიმინალი დაამკვიდრეს - ვინც ხმას ამოიღებდა, ან ენას აძრობდნენ, ან საერთოდ მოუსავლეთში აგზავნიდნენ. აქ მარტო ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტილები არ იგულისხმება, მათ აქტივშია ის ადამიანებიც, ვისაც არაადამიანური მოპყრობით გული გაუხეთქეს, ან ციხეში ამოალპეს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით)!
ვისაც არ ეზარება, დილიდან მოყოლებული, ყველა ჭიკაიძის გადადგომას ითხოვს, მათ შორის „ნაციონალების“ ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე, ირმა ნადირაშვილიც.
ბუნებრივია, ქვეყანაში სათანადო წესრიგის დამყარება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ დავსვათ ლოგიკური კითხვა: რა შუაშია ჭიკაიძე?
რაც არ უნდა ვისაუბროთ პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, სიმძიმე იმ ხელისუფლებას აქვს აკიდებული, ვინც ასეთი გამოუცდელი და პირტიტველა ჭაბუკი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა - მითუმეტეს, იმ დროს, როცა სისტემა „ნაცზონდერებითაა“ გატენილი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე კვანტის გამოდებას უნდა ველოდოთ!
ვთქვათ და ღარიბაშვილმა გაითვალისწინა საზოგადოების აღშფოთება და სიტუაციის „ხელიდან გაშვების“ მოტივით, თანამდებობიდან გადააყენა ჭიკაიძე და იგი შედარებით პროფესიონალი კადრით ჩაანაცვლა. რა შეიცვლება ამით? არც არაფერი.
დიახ, თუ ხელისუფლებას მტკიცე პოლიტიკური ნება არ ექნება - არსებითად შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში - შს მინისტრის გადაყენებით სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ. საქმე იმაშია, რომ გასაწმენდია მთელი სისტემა „ნაცზონდერებისგან“, რომლებსაც მარყუჟი ყოველთვის აქვს გამზადებული და საჭირო დროს და საჭირო სიტუაციას ელოდებიან სიტუაციის ასარევად!
მტკიცება არ უნდა, რომ „ნაციონალების“ მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების უსუსურად წარმოჩენა იქნება სწორედ ის შხამიანი წვეთი, რომელმაც შეიძლება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოწამლოს და არაკრიმინოგენურ წარსულში დაბრუნების ილუზია გაუჩინოს!
ეს განსაკუთრებით საშიშია დღეს, როცა საქართველო ისედაც ფეთქებადსაშიშ რეგიონად ითვლება და გარეშე ძალების მხრიდან პროვოკაციის საფრთხე ყოველთვის არსებობს!
და კიდევ: საქართველო მარტო „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ საჯილდაო ქვა არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლის პოზიციაში ყოფნა ერს დიდ საფრთხეს შეუქმნის. „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს“ მარტო უცხოტომელთა ვასალობას არ ნიშნავს - ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სამშობლოს პატრონობას გულისხმობს.
აბა გავიხსენოთ რა უთხრა უფალმა წყალწაღებულს?
გაანძრიე ხელი და გიშველიო!
საბა საბახტარაშვილი