გიორგი ტიგინაშვილი:-"ცრუ მესიას, სულაც არ დასჭირდება არც შტრიხ-კოდი და არც პულტი ადამინთა სამართავად"
ქრისტიანი ადამიანის აზროვნება დაუშვებელია, რომ სტატიკურ მდგომარეობაში დაიხუთოს, გარემომცველი სამყაროს მიმართ დესტრუქციული, ირაციონალური ან ასოციალური იყოს. სულიერი ცხოვრება ჟამთა დინებას, მეცნიერულ პროგრესს და სახელმწიფოებრივ მოთხოვნებს ანგარიშს უნდა უწევდეს ("მიეცით კეისარს კეისრისა"), მით უფრო მაშინ როცა ხელისუფლება და საერო კანონმდებლობა ღვთისას არ ითხოვს და მხოლოდ მოქალაქეობრივ ვალდებულებას გაკისრებს.
ID ბარათებისა და ბიომეტრიული პასპორტების ირგვლივ ატეხილი ალიაქოთი, ვფიქრობ, რომ სრულიად უსაფუძვლო და უტრირებული ქმედებაა. მეტიც, ალბათ უფრო ეშმაკის სატყუარაც, რათა უმთავრეს მისიასა და დანიშნულებას მოწყვიტოს ადამიანები, აბსოლუტურად უსაფუძვლო ისტერიასა და შიშში გამოამწყვდიოს, აქციოს არა მისიონერულ და გახნილ, არამედ ობსკურანტულ იზოლაციაში გამოკეტილ კასტად, რომელთაც ხიბლის დონემდე აყვანილი "სიმართლისათვის" დევნილობის სტატუს მიანიჭებს და რეალურად მათ რელიგიურ შეგნებაში ცოცხალი რწმენის ნიველირებას მოახდენს.
ჩემი აზრით ვერავითარი მატერიალური მექანიზმი, ელექტრო–ტექნიკური მოწყობილობა თუ დანადგარი, ადამიანის თავისუფალ არჩევანსა და სინდისზე, ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს. იმ ფონზე როცა მობილური სისტემები და კოსმოსური კომუნიკაციები ესოდენ დაიხვეწა და განვითარდა, როცა ისედაც შესაძლებელია ადამიანის ტოტალური კონტროლი თანამედროვე სამყაროში, აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები თუ ბარათები ვერავითარ დამატებით ზიანს ვერ მოუტანს კაცობრიობას. აქვე უნდა ითქვას, რომ მორწმუნე ადამიანისათვის, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არც უნდა ენიჭებოდეს იმას, ვინმე მას, როგორც მოქალაქეს უთვალთვალებს თუ დააკვირდება, რამეთუ ქვეყნიურ მსჯავრსა და მარწუხებზე კი არა, არამედ პირუთვნელი მსაჯულის დაკვირვებაზე უფრო ეგების, რომ ვძრწოდეთ, რომელმაც იცის თითოეული ჩვენგანის შინაგანი თუ გარეგანი აზრებიცა და საქციელებიც.
ანტიქრისტე ნამდვილად გამეფდება ოდესმე, თუმცა იდეოლოგიური მანქანებითა და მსოფლმხედველობრივი ფორმაციით და არა ჩვენი ნებისგან დამოუკიდებელი ხაფანგებით. ის აუცილებლად დაამყარებს ახალ საერთაშორისო წესრიგს, მაგრამ მორწმუნე თემზე, მას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, რადგან სამყაროში ყოველივე სატანის ხელში არ არის, რამეთუ თავად მაცხოვარი ბრძანებს – "აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამინ".
მერწმუნეთ ცრუ მესიას, სულაც არ დასჭირდება არც შტრიხ კოდი და არც პულტი ადამინთა სამართავად, ის ისედაც მონუსხავს მსოფლიო საზოგადოების უმრავლეს ნაწილს თავისი ზმანებითა და ორატორობით. ხოლო შუბლი და მარჯვენა ხელი კი თავის თავში გულისხმობს ცნობიერებასა და საქმეებს, რითაც ადამიანები "დაიტვიფრებიან", ანუ გააზრებული ნებით დაემორჩილებიან.
აჯობებს ცოდვებს ვებრძოლოთ საკუთარ თავში, ვიდრე გარეთ ვეძიოთ საფრთხე. ყველაზე დიდ ჩიპად კი ამპარტავნება მიმაჩნია, რომლის დამღასაც თითქმის არაოდეს ვებრძვით და არც ჩვენში კოდირებულ ბუნებით "იუსტიციას" – ანუ სინდისს არ ვუკვირდებით. სამაგიეროდ პასპორტიზაცია გავლილ ადამიანებს ჯოჯოხეთის კერძებად მივიჩნევთ, ისე, რომ თითქოს ეს გვიხარია კიდეც და თუ ეს ასე არ აღმოჩნდება, ალბათ გვეწყინება და უეჭველად დავბრკოლდებით თავად უზენაეს ღმერთზეც.
ყოველივე ამგვარი ამბოხი, სექტანტური სულის მახასიათებლებს – ურჩობასა და ფსიქო–პათოლოგიურ პანიკას შეიცავს, რაც, რასაკვირველია არაჯანსაღ და ავადმყოფურ მდგომარეობაზე მეტყველებს. დაფეთებული ბრბო, ვერასოდეს მივა ქრისტიანული სრულყოფილების კვარცხლბეკზე, რამეთუ იქ, სადაც გარეგნული საბურველი ჯავშნად აღიქმება, სული ვერასოდეს გაიხარებს ჭეშმარიტებით.
ვფიქრობ, რომ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს თითიდან გამოწოვილი მშფოთვარებით აგორებული ექსტრემიზმი და დრამატიზირებული დისპუტი ამ საკითხის ირგვლივ, მით უფრო მაშინ, როცა მოცემულ თემასთან დაკავშირებით წმ. სინოდის ოფიციალური განჩინების სრული უგულებელყოფა და გაუთვალისწინებლობა ხდება, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არცერთი იურიდიული დოკუმენტის აღება ანტიქრისტეს ბეჭედის გაზიარებას არ ნიშნავს.
P.S. აქვე დავძენდი, რომ ვისაც ალტერნატიული საბუთები სურს, სახელმწიფომ, მათთვის უნდა დაუშვას განსხვავებული მოწმობები, რადგან ID ბარათზე უარის თქმაც, დემოკრატიულ გარემოში, მათი ფუნდამენტური უფლებაა. ვინც შიშობს და განსაცდელშია, ის არ უნდა დაიჩაგროს. დაე, დაუშვას იუსტიციის სამინისტრომ ალტერნატივა, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას.
უფალმა გვიხსნას, განკურნოს ჩვენი უძლურება, სიბრმავე და უმთავრესად გვასწავლოს ბრძოლა საკუთარ "მე"–სთან. ამინ!
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი,
მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი