რატომ „კბენს“ ნათია ფანჯიკიძე ალექსანდრე ჭიკაიძეს?!
ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის სტატუსს, რომ ბარნოვის ქუჩაზე საკუთარ სადარბაზოსთან ჩაცხრილული ლაშა მახარაძის მკვლელი სავარაუდოდ ალექსანდრე ჭიკაიძის ნათესავია და მას ამის გამო „ხელს არ ჰკიდებენ“, შს სამინისტროს პრესსამსახური გამოეხმაურა.
შსს იუწყება, რომ მახარაძის მკვლელი მინისტრის ნათესავი არ არის, დადგენილია მისი ვინაობა და ხორციელდება მისი დაკავების ღონისძიებები.
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა საზოგადოება აღაშფოთა და ბუნებრივია ნათია ფანჯიკიძესაც შეიძლებოდა ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, მაგრამ აქ საქმე არა პროტესტის გამოხატვის ფორმაში, არამედ სხვა რაღაცაშია - ფანჯიკიძეს ავიწყდება, რომ ის თავდაცვის მინისტრის მეუღლეა და როგორც ოჯახის წევრმა ელემენტარულად კოლეგიალობა უნდა გამოიჩინოს! მითუმეტეს, ჯერჯერობით არ დაუმტკიცებიათ მკვლელი მართლაც არის თუ არა შს მინისტრის ნათესავი(?!)
საქართველოში ამ ბოლო დღეებში განვითარებული კრიმინალური მოვლენების ფონზე მართლაც უნდა გვქონდეს პრეტენზია შს სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის მიმართ, მაგრამ ფანჯიკიძის კრიტიკა უფრო მინისტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და კიდევ ერთხელ ადასტურებს მოარულ ხმებს ირაკლი ალასანიას „ტყისკენ“ ყურების შესახებ... მართალია, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშილის გუნდის წევრია, მაგრამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას „გუნდურობა“ სხვანაირად ესმის! ახლა, როგორც ჩანს, მეუღლეც დაუდგა გვერდში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ტანდემი კიდევ უფრო გაძლიერდება!
ისე, ბოლო პოსტები ცხადჰყოფს, რომ მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილს წერა ნამდვილად არ ეშლება!