გიორგი გურგულია:-"რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ქართველს ქართველი უნდა უყვარდეს და საზოგადოებაში არსებული გახლეჩილობაც დამთავრდეს"

გიორგი გურგულია:-"რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ქართველს ქართველი უნდა უყვარდეს და საზოგადოებაში არსებული გახლეჩილობაც დამთავრდეს"

   21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის დღეს აღნიშნავს.

   გაეროს ეგიდით დადგენილ მშვიდობის დღეს საქართველოც უერთდება და 21 სექტემბერს "მშვიდობის ფესტივალში" ებმება.

 პროექტი "მშვიდობის მატარებელი" სპორტისა და ახალგაზრდობის ფონდმა დააფინანსა. 21 სექტემბერს "მშვიდობის მატარებელი" თბილისიდან აიღებს სტარტს და სხვადასხვა ქალაქებში გაჩერდება, სადაც ღონისძიებები მოეწყობა.

   -"მთელ მსოფლიოში მოდებულია ომის ალი, ამიტომაც საქართველო უნდა გახდეს მშვიდობის ცენტრი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ დაზარალებულებს უკრაინაში, დაზარალებულებს მთელ მსოფლიოში და პოზიტიური მშვიდობის ხაზი გამოვკვეთოთ კავკასიურ სივრცეში"-ამბობს პროექტის ორგანიზატორი ირაკლი კაკაბაძე.

 

   ივერიონი აღნიშნულ პროექტზე სასაუბროდ ფონდ "სიყვარულის მატარებელი"-ს თავმჯდომარეს გიორგი გურგულიას დაუკავშირდა.

-საიდან გაჩნდა  "მშვიდობის მატარებლის" იდეა? 

 -დაახლოებით 15 წლის წინ გავაკეთე პროქტი, რომლის იდეა "სიყვარულის სოფელი" იყო, რომელშიც მოიაზრებოდნენ  უპატრონო ბავშვები. მივხვდი, რომ ეს პროექტი გლობალურ პრობლემას შეიცავდა  და დავიწყე სხვა პროექტზე მუშაობა, რადგან დავინახე, რომ მანამ, სანამ სიყვარულის სოფლამდე მივიდოდით, ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ქართველს ქართველი უნდა უყვარდეს და საზოგადოებაში არსებული გახლეჩილობაც დამთავრდეს. ორად გახლეჩილი საქართველო სწორად რომ ჩვენს მტერს აწყობს. თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველო მხოლოდ დავით აღმაშენებლის დროს იყო გაერთიანებული.

   ამის  შემდეგ გაჩნდა პროექტი " სიყვარულის გზა", რომელიც ხელოვან ადამიანებს სთავაზობდა თავიანთი შემოქმედება "სიყვარულის გზისთვის" მიეძღვნათ. (ლექსი, ნახატი, ქმნილება) სწორედ ამ პროექტის მეშვეობით შეიქმნა  "სიყვარულის მატარებელი", რომლის მეშვეობითაც  მთელი საქართველოსთვის სიყვარულის მესიჯის გაგზავნა შეგვეძლება. 

  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "მშვიდობის მატარებლის" იდეა ირაკლი კაკაბაძეს ჰქონდა, მშვიდობა კი სიყვარულის გარეშე არ მიიღწევა, ჩვენ უნდა შევძლოთ მოყვასის შეყვარება , მტრის შეყვარება და საბოლოოდ მშვიდობასაც ასე მივაღწევთ. 

- როგორც ვიცით "მშვიდობის მატარებელი" მსოფლიო მშვიდობის დღესთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას აპირებს, როგორია თქვენი გეგმა? 

- ჩვენ გვინდოდა, რომ მატარებელი საქართველოს ყველა ქალაქში ( გორში, ხაშურში, ქუთაისში, სამტრედიაში) გაჩერებულიყო და კონცერტი ჩაეტარებინა , იმის გამო, რომ  ზაფხული დაემთხვა და ქალაქიდან ყველა გასული იყო, ფინანსურად შეზღუდულები ვართ, ამიტომ მატარებელი ერთდღიანი გახდა, ანუ,  "მშვიდობის ატარებელი" 20 სექტემბერს გავა  და 21 სექტემბერს სავარაუდოდ ურეკში დასრულდება. თუმცა, ჩვენ გვაქვს 6 დღიანი ბანაკი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან, დაპირისპირებული ქყვეყნებიდანაც კი, როგორიცაა იზრაელი და პალესტინა, აზერბაიჯანი და სასომხეთის ახალგაზრდების  მოწვევას ვიპირებთ. (განიხილება აფხაზი და ოსი ბავშვების ჩამოყვანაც, აფხაზებმა გვთხოვეს, რომ ამ საკითხში რუსეთი და უკრაინაც ჩაგვერთო). იქ სადაც რუსი ხელოვანი ჩაჯდება მატარებელში, ალბათ, ოსსაც და აფხაზსაც გაუადვილდება ჩაჯდომა, იმიტომ, რომ რეალურად  ჩვენ ვუპირისპირდებით რუსეთს და არა აფხაზებს და ოსებს. ჩვენი იდეაა უპირველესად ჩვენს მეზობლებთან, სასომხეთი იქნება ის თუ აზერბაიჯანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, აფხაზეთი თუ ოსეთი, პირველ რიგში მოსაზღვრე ქვეყნებს უნდა გავუგზავნოთ სიყვარულის, მეგობრობის და მშვიდობის მესიჯი, შემდეგ კი მთელს მსოფლიოს. 

  რადგან ეს პირველი გასვლაა, არ ხდება სტუმრების ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან.   როგორც პროექტით არის გათვალისწინებული გაჩერება სამ ქალაქში მოხდება: გორში, სამტრედიაში და ურეკში. თუ შესაბამისი სახსრები ვერ შევაგროვეთ, შესაძლოა კონცერტი არ ჩავატაროთ და მხოლოდ ფლაერები დავარიგოთ, რომელსაც  "გაავრცელე სიყვარული" ეწერება.  როგორც ცნობილია, ანაკლიაში უკრაინელი ბავშვები ჩაიყვანეს. 

   -იგეგმება თუ არა ამ უკრაინელ ბავშვებთან შეხვედრა?

  -ეს სამთავრობო თემაა და მთავრობის დონეზე უნდა მოხდეს მისი განხილვა. ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ გია ვოლსკისთან, რომელიც თავად მშვიდობის მატარებელი ადამიანია. დაგეგმილია მასთან შეხვედრა. როდესაც შენ მიდიხარ და უკრაინელ ბავშვს მშვიდობაზე უმღერი, რუსს კი არა, ეს უკვე პოლიტიკაა. ჩვენ ყველა ეროვნების ბავშვს უნდა ვუმღეროთ მშვიდობა და სიყვარული. ტელევიზიით მალე დატრიალდება კლიპი, სადაც ჩაწერილია "მე ვარ სიყვარულის მატარებლი".  ამჟამად ვმუშაობთ ჰიმნზე, სადაც არის სიტყვები-" მე შენ მიყვარხარ". ეს პირველ რიგში ხალხისთვის იქნება კარგი. 

 -ვინ არიან მომღერლები, რომლებიც "მშვიდობის მატარებლით" იმგზავრებენ?

- ესენი არიან: რობი კუხიანიძე, პანჩო, გია ნიკოლაძე და სხვები.

 -თქვენ ახსენეთ ჰიმნი, ვინ არის ტექსტის ავტორი?

 -ტექსტის ნაწილი ჩემი ლექსებიდან არის აღებული, სხვადასხვა პოეტების ლექსებიდან იმ  სტროფების ამოღება მოხდა, რომლებიც ყველაზე მეტად მოერგო იდეას.  კარგი იქნება, როდესაც ადამიანი ჩართავს ტელევიზორს და ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ეტყვის  "მე შენ მიყვარხარ".

-ვინ არიან თქვენი მხარდამჭერები? 

 -პირველი არხი უშუალოდ  ჩვენი პარტნიორია, მხარს გვიჭერენ: კულტურის სამინისტრო, რკინიგზის დეპარტამენტი. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ პრეზიდენტის აპარატთან და  გია ვოლსკისთან, იგეგმება პრემიერის აპარატთან შეხვედრაც. მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე უნდა ვაწარმოოთ, ერთადერთი, ვინც პირველმა გადმორიცხა თანხა  კომპანია "ზედაზენია".

 ჩვენ ძალიან მცირე თანხებში ვახერხებთა ამ ყოველივეს, მაგრამ  დიდი იდეის განხორციელება  ენთუზიაზმითაც შეიძლება. აუცილებლად უნდა აღინიშოს, რომ მომღერლები სრულიად უსასყიდლოდ დაგვიდგებიან გვერდით.

-ადგილობრივი თვითმმართველობები რამდენად გეხმარებიან?

- შეძლებისდაგვარად ჩვენს გვერდით დგანან. გორში გამოგვიყვეს აპარატურა და რაც შეიძლება გვეხმარებიან. 

-რა დროს დაიძრება მატარებელი?

-20 სექტემბერს 10 საათზე შევიკრიბებით, მინი კონცერტი იქაც იქნება და სავარაუდოდ 11 საათისთვის გავალთ. რაც ყველაზე მთავარია, განწყობა აქ უნდა დაიწყოს, რომ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

-ყველა მსურველს შეეძლება მატარებელში ჩაჯდომა?

-თუ ჩვენ შესაბამისი თანხების მოძიება ვერ მოვახერხეთ და გაჩერებების გარეშე წავედით, მაშინ ყველა მსურველს ველოდებით ბათუმში და იქ გაიმართება დასკვნითი კონცერტი.

 ჩვენ რაღაცეებზე ვართ დამოკიდებული. იდეა, აფხაზეთის საზღვრამდე მივსულიყავით და იქიდან გაგვეშვა გულები და სიყვარულის მესიჯები, ცოტა შეიცვლა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს სად ჩატარდება, მთავარია რომ განვახორციელოთ. 

 მომავალში შესაძლოა თბილისი გამოვაცხადოთ სიყვარულის ქალაქად და სხვადასხვა ქვეყნებიდან აქეთ ჩამოვიდნენ "სიყვარლის მატარებლები".

 -და ბოლოს, ვინ არიან აქციის  ორგანიზატორები?

  -ორგანიზატორები არიან: ფონდი "სიყვარულის მატარებელი"-ს თავმჯდომარე  რეჟისორი გიორგი გურგულია, გიორგი კილაძე, ასევე "მრავალმხრივი დიპლომატიის ინსტიტუტი".

  უპირატესობას ახალგაზრდებს ვაძლევთ. თემა შეიძლება უფროსმა თაობამ დაიწყოს, მაგრამ განხორციელება ახალგაზრდებში უნდა მოჰყვეს. 

ნათია ხარბედია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: