მანანა კობახიძე: შეგიძლიათ ესეც დანაშაულად ჩამითვალოთ!
"ძალიან რთულია და არასწორიც, დედას, რომელსაც შვილი მოუკლეს, აქ, სოციალურ ქსელში შეეპასუხო. ერთადერთი, რაც შემიძლია, მხოლოდ თანაგრძნობის გამოხატვაა, გულწრფელად ვიზიარებ თქვენს ტკივილს ქალბატონო ჟუჟუნა, მაგრამ, რადგან მომმართეთ, თავი ვალდებულად ჩავთვალე მაინც გამოგეხმაუროთ" - აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ლაშა მახარაძის დედის მისამართით Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
"თქვენი უფლებაა მიწოდოთ არაკომპეტენტურიც, არაპროფესიონალიც, არაკვალიფიციურიც, არაადამიანიც, როგორც გნებავთ! როდესაც ადვოკატი ხარ და გიწევს, სამწუხაროდ ზოგჯერ მკვლელის, ზოგჯერ ყაჩაღის, ზოგჯერ მძარცველის დაცვა, დაზარალებულმა მხარემ, არამგონია კომპეტენტურობა მოგიწონოს, ეს ბუნებრივია და მე ეს არ მიკვირს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ მე არასოდეს დამიცავს გიორგი ოქროპირიძე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ამიტომ ამ საქმის დეტალები არც შეიძლებოდა მცოდნოდა. ის კარგა ხნის მსჯავრდებული იყო, როცა მისმა დედამ მომმართა ციხეში მისი წამების ფაქტთან დაკავშირებით და მაშინ, როგორც უფლებადამცველს მომიწია მისი დაცვაც, ( როგორც არაერთი ნაწამები პატიმრის) შეგიძლიათ ესეც დანაშაულად ჩამითვალოთ.
რაც შეეხება მედიაში სრულიად მიზანმიმართულად გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე გავუწიე მას რეკომენდაცია თუ შუამდგომლობა გათავისუფლების შესახებ, ეს გახლავთ მტკნარი სიცრუე, ბუნებაში არ არსებობს ასეთი სახის რეკომენდაცია, მე მხოლოდ მისი დედის და პატიმრის განცხადებები გადავაგზავნე-გადავამისამართე შესაბამის კომისიებში, რისი ვალდებულებაც კანონით მქონდა, როგორც დეპუტატს. მათ ჩემთანაც შემოიტანეს განცხადებები, ისევე როგორც არაერთ უწყებაში. ეს იყო და ეს, ცხადია მე ვერც მის შეწყალებაზე მივიღებდი გადაწყვეტილებას და ვერც ე.წ. "უდოთი" გათავისუფლებაზე.
დარწმუნებული ვარ, მისი გათავისუფლების წინაპირობა იყო სწორედ ციხეში მისი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ევროსასამართლოშიც ჰქონდა საჩივარი გაგზავნილი, თუცა ეს არავითარი ნუგეშია ახლა თქვენთვის და ლაშა მახარაძის დედისთვის, ძალიან კარგად მესმის თქვენი! ერთადერთი რაც ახლა ხელისუფლებას შეუძლია მკვლელის დაკავება და მისი უმკაცრესად დასჯაა, რისი იმედიც ჯერ კიდევ მაქვს.." - წერს კობახიძე.