უელსის სამიტის დეკლარაცია ხაზს უსვამს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს
უელსის სამიტის დეკლარაცია ხაზს უსვამს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნავს, რომ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი საქართველოს საშუალებას მისცემს, NATO-ს წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.
სამიტის შემაჯამებელ, 113-პუნქტიან დეკლარაციაში, საქართველო არაერთხელ არის ნახსენები.
"NATO აფასებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების მიმართულებით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, რომელიც გამოიხატა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების იმპლემენტაცია, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, სამართალდამცავი სისტემების რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის სრული დაცვის უზრუნველყოფის ჩათვლით. NATO მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აფასებს საქართველოს დიდ კონტრიბუციას ISAF-ის ოპერაციაში და იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთში. საქართველოს წინადადებასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს სწრაფი რეაგირების ძალებში, ეს ყოველივე აჩვენებს საქართველოს წვლილს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ხელახლა ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და დაუახლოვდა NATO-ს ამბიციური რეფორმების გატარებით, NATO-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის გამოყენებით. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ურთიერთობები ალიანსთან მოიცავს მისი წევრობისკენ მიმავალ გზაზე არსებულ აუცილებელ ინსტრუმენტებს.
დღეს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსთვის არსებით პაკეტს, რომელიც გულისხმობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წვრთნების ჩატარებას, სწავლებას, გაცილებით მჭიდრო კავშირს და უკეთესი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ეს ზომები მიზნად ისახავს ალიანსისა და საქართველოს თავდაცვისა და თანამშრომლობის უნარიანობის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, NATO-ს წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს", - ნათქვამია დეკლარაციაში.