კახა ძაგანია:-"-ქვეყნისთვის ვადამდელი არჩევნები იქნება ისეთივე შვების მომგვრელი, როგორც უდაბნოში დაკარგულისთვის წყალი!"
"მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებს იმეორებს და მისივე თქმით, ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი თაროზეა შემოდებული და სასწრაფო განხილვას ელოდება.
ამ საკითხე სასაუბროდ ივერიონი კახა ძაგანიას დაუკავშირდა.
-ბატონო კახა, თქვენ ამბობთ, რომ "ახალი ხელისუფლება ზუსტად ისე იქცევა, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ყველა კანონის დარღვევით პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განსახილველ საკითხებს მტვრიან თაროზე ათავსებს", რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
-კანონის განხილვა, მისი მიღება, ვადები და პროცედურები რეგულირდება კანონით და პარლამენტის რეგლამენტით, ამ კანონებში მკაფიოდ და კონკრეტულად არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს კანონმდებელი და საკანონმდებლო ორგანოს ბიურო და კომიტეტები, გამონაკლისია კანონის განხილვა დაჩქარებული წესით და ამასაც რეგლამენტი მკაფიოდ განსაზღვრავს.
-და ეს ვადები ირღვევა? ვინ და რატომ არღვევს?
-უსუფაშვილი კვალიფიციური იურისტია და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ევალება საკანონმდებლო საქმიანობის კონტროლი, ხოლო ხმალაძე, რომელიც "აბდაუბდა კონსტიტუციის ავტორადაა" ცნობილი ვალდებულია კანონპროექტების მომზადება და სამართლებრივი შეფასება მოახდინოს. სამწუხაროდ პარლამენტის თანამდებობის პირები აგრძელებენ ნაცების მავნე პრაქტიკას და ისეთი კანონები, რომლებიც მათ არ მოსწონთ განსახილველადაც არ გამოაქვთ, რითიც საკანონმდებლო ორგანო უხეშად არღვევს კონსტიტუციას და სხვა კანონებს, პრაქტიკულად ჩადიან დანაშაულს.
-თქვენი აზრით, რომელი კანონპროექტია სასწრაფოდ განსახილველი და "არ მოსწონთ მათ"?
-ჩვენს მიერ ინიცირებული იქნა საკანონმდებლო წინადადება "რუსეთის მოქალაქეთათვის მიწების საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის თაობაზე". ინიცირება
ჯერ კიდე 6 თვის წინ გაკეთდა და მას მერე უკანონოდ დევს თაროზე.
-მარტო რუსეთის?
-დიახ, როგორც ოკუპანტი ქვეყნის, კანონში ოკუპანტ ქვეყანაზე იქნება საუბარი. ჩვენი აზრით ეს კანონი შექმნის დამატებით საკანონმდებლო ბარიერს იმისათვის, რომ შეჩერდეს მიწების დაკარგვის პროცესი. ამის განხილვაზე უკანონოდ უარს ამბობენ პარლამენტის "მამები".
-საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და როგორ ფიქრობთ, რატომაა შეჩერებული?
-იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლების რისხვა არ გამოიწვიონ და ეს იმ დროს, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს შეაჩეროს რუსული იმპერიული სწრაფვები სხვადასხვა სანქციებით ესენი ჩასაფრებულების პოზას იკავებენ.
-გამოსავალი?
-გამოსავალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ნაც-ქოცური პოლიტიკური ბალანსი ერთიანად შეიცვლება.
-და ქვეყანა გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ ნაჩქარევ არჩევნებს?
-ქვეყნისთვის ვადამდელი არჩევნები იქნება ისეთივე ეფექტური და შვების მომგვრელი, როგორც უდაბნოში დაკარგულისთვის წყალი!
-ასეთი მოთხოვნა უკვე ხშირად გაისმის და ვინ უნდა მოითხოვოს ეს ვადამდელი არჩევნები?
-საზოგადოებამ პოლიტიკური აქციების საშუალებით, შემოდგომა ამისთვის საუკეთესო პერიოდია.
-ეს შემოდგომა იქნება "ცხელი?"
-ყველაფერი ხალხის ხელშია, თუ საზოგადოება კმაყოფილია პრაქტიკულად ერთპარტიული ნაც-ქოცური პარლამენტის, ახლად არჩეული უმაქნისი საკრებულოების და მერების, მძიმე სოციალური მდგომარეობის, მაშინ ეს შემოდგომა იქნება "ღორის ქელეხის და ზაოდობის" დროსტარების პერიოდი, ხოლო თუ უკმაყოფილოა, შემოდგომა ნამდვილად იქნება საინტერესო.