ფთხილად ბატონებო, კადრებს საკადრისად უნდა მივუდგეთ!
კოალიცია "ქართული ოცნების" უმრავლესობაში მოსვლის დღიდან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლება საკადრო რესურსების შერჩევისას არასწორად იქცევა _ საუბარია საშუალო რანგის ხელმძღვანელ თანამდებობებზე შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული და სააკაშვილისდროინდელი ოდიოზური ფიგურების დანიშვნაზე.
უკვე კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ, რომლებიც საზოგადოებისთვის აშკარად მიუღებლები აღმოჩდნენ. განსაკუთრებით თვალში საცემია პენიტენციალურ სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული კადრები, რომლებიც თავის დროზე თურმე, ადამიანების წამებაში და უკანონოდ დაპატიმრებაში არიან მხილებულნი (ამაზე "ივერიონი" სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით უკვე წერდა).
როცა საკადრო რესურსებზეა საუბარი, არ შეიძლება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. ამ შემთხვევაში შერჩევის მთავარი ფაქტორი პროფესიონალიზმი უნდა იყოს, მაგრამ ვინც სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში "თავი გამოაჩინა" კორუმპირებულობითა თუ სხვა უმსგავსო საქციელით, დღეს მოწინავეთა რიგებში არ ჩავაყენოთ. თუ ეს პრინციპი დაირღვა, ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობა თანდათან შემცირდება და შეიძლება საერთოდ, ნიჰილიზმში გადაიზარდოს! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, წინა ხელისუფლების საჯარო მოხელეებს ჯანგბადი გადავუკეტოთ და არსებობის საშუალება არ მივცეთ.
ვიმეორებთ: კადრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და პირადი ადამიანური ღირსებები უნდა იყოს და არა ნათლიმამობა და ძმაბიჭობა, რასაც სამწუხაროდ, დღესაც აქვს ადგილი.
ასე რომ, ფრთხილად ბატონებო, კადრებს საკადრისად უნდა მივუდგეთ!