ჩაკ ჰეგელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ჩაკ ჰეგელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

  აშშ-ის თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა გააცილეს.

 

 პენტაგონის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

  თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. ჩაკ ჰეგელმა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებული პაკეტი დადებითად შეაფასა.

  აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისშიც" იმყოფებოდა და ქართველ სამხედროებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდა. მან განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილი და ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: