დავით ზალკალიანი: ორი უმაღლესი დელეგაციის წარდგენა ქვეყნის იმიჯისთვის დამაზარალებელი იქნება!
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მიგვაჩნია, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით. არ არის არც ერთი პრეცედენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ორი უმაღლესი ლიდერი ყოფილიყო წარმოდგენილი. მთავრობამ იმსჯელა და რადგან ახალი კონსტიტუციით, პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ ორი უმაღლესი დონის ლიდერი იყოს წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ერთ-ერთ მის შემადგენელ ღონისძიებაზე.