გიორგი ტიგინაშვილი:-"არავისგან არ ვფინანსდები, ვაჟღერებ მხოლოდ საკუთარი გულიდან დანახულ საწუხარს"

გიორგი ტიგინაშვილი:-"არავისგან არ ვფინანსდები, ვაჟღერებ მხოლოდ საკუთარი გულიდან დანახულ საწუხარს"

     საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე "ივერიონი" გიორგი ტიგინაშვილს (ივრისპირელი) გაესაუბრა და შეეცადა ყველა იმ კითხვაზე თუ კომენტარზე გაეცა პასუხი, რომელიც საიტის ოფიციალურ გვერდზე მოვიდა.

 

   -გიორგი, შენმა ბოლო სტატიამ "ცრუ მესიას, სულაც არ დასჭირდება არც შტრიხ-კოდი და არც პულტი ადამინთა სამართავად", სადაც ID ბარათებსა და ბიომეტრიულ პასპორტებზე საუბრობ და ამბობ: "ვისაც ალტერნატიული საბუთები სურს, სახელმწიფომ, მათთვის უნდა დაუშვას განსხვავებული მოწმობები, რადგან ID ბარათზე უარის თქმაც, დემოკრატიულ გარემოში, მათი ფუნდამენტური უფლებაა. ვინც შიშობს და განსაცდელშია, ის არ უნდა დაიჩაგროს. დაე, დაუშვას იუსტიციის სამინისტრომ ალტერნატივა, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას", საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მკითხველთა ნაწილი იმასაც კი გეკითხება, თუ "საიდან დაგიგროვდათ ამდენი ცოდნა და გამოცდილება ასე ახალგაზრდა ადამიანს, რომ ასე სახალხოდ გვმოძღვრავ სუყველას"-ო. მოდი, სანამ საუბარს დავიწყებთ, პირველ რიგში გვითხარი ვინ არის გიორგი ტიგინაშვილი და რა გზით მოხვედი დღემდე? 

   - კეთილი, უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ესოდენ მნიშვნელოვანი თემების ტირაჟირებისა და საზოგადოებაში მათი აქტუალიზებისათვის. საინფორმაციო სააგენტო "ივერიონი" მართლაც, რომ ნაყოფიერად ირჯება სიმართლის სადარაჯოზე. დადებითად შევნიშნავ იმასაც, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც კონტრასტულად განსხვავებული მოსაზრებების მქონეს, ეძლევა სრული უფლება, რათა სხვადასხვა საკითხებზე ღიად გამოხატოს საკუთარი შეხედულება და ჯანსაღ დისკუსიაში გამოიწვიოს ესა თუ ის ოპონენტი. ჩვეულებრივ კი რუბრიკათა მრავალფეროვნება, კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის თქვენს შემოქმედებით მოღვაწეობას.

    რაც შეეხება ჩემს ვინაობას, მე გახლავართ თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგაც სწავლა განვაგრძე სასულიერო აკადემიაში (ამჟამად აკადემიური მაქვს აღებული). პროფესიით ვარ თეოლოგი. ამ დარგში რამდენიმე წელი, სხვადასხვა სკოლა–ლიცეუმში ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. ვასწავლიდი საღვთო სჯულს, მსოფლიო ეკლესიის ისტორიას, მსოფლიო რელიგიებსა და სექტოლოგიას. გარდა ამისა, სიყრმიდანვე მიზიდავდა თავისუფალი თუ კონკრეტული თემების წერა. სწორედ ამიტომ მივეძალე ლიტერატურულ, პუბლიცისტურ და პოეტურ სამყაროს. ჯერ–ჯერობით გამოცემული მაქვს 3 წიგნი, აქედან 1 სამეცნიერო, მონოგრაფიული ნაშრომია – "უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება", ხოლო დანარჩენი ორი – "მადლიერება" და "მუდმივი აწმყო" კი პროზაულ–პოეტური კრებული. ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, უახლოეს მომავალში ვაპირებ საკუთარი რომანის გამოცემასაც, სახელწოდებით – "ფარნით მოსიარულე გული". ამასთან, აგერ უკვე ორი წელია რაც "საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირში" მიმიღეს, რითაც დამატებითი სტიმული მეძლევა სამწერლობო გზაზე პასუხისმგებლობით სვლაში. გარდა წერისა, პერიოდულად ვმსახურობ ეკლესიაში სტიქაროსნად და მედავითნედ, სამომავლოდ კი თუ უფლის ნება იქნა და თუ სულიერი მოძღვარიც საჭიროდ მიიჩნევს, სასულიერო პირობას ვაპირებ, რაც ჩემი ბავშვობის დროიდან მოყოლებული სურვილია. რადგან დედის მხრიდან წინაპართა ექვსი თაობა სასულიერო დასის წარმომადგენელი გახლდათ, (რომელთა ნაწილიც ბოლშევიზმისა და კომუნიზმის დროს მოწამეობრივად, დევნა–შევიწროვებასა და ექსორიობაში აღესრულა) მეც დამატებითი მოტივაცია გამიჩნდა ღვთისმსახურებისა და სწორედ ამ შთაგონებით გადავწყვიტე სასულიერო განათლების მიღება. სულ ახლახანს 28 წელი შემისრულდა, ჯერ დასაოჯახებელი ვარ და როცა დავქორწინდები, სამომავლოდ მღვდლად კურთხევაზეც  ვიფიქრებ, თუმცა ეს იდეაფიქსი და თვითმიზანი სულაც არ არის ჩემთვის, რადგან ცხონება ერშიც შესაძლებელია.  

     გულწრფელად, რომ გითხრათ, ყოველგვარი თავმდაბლობით კეკლუცობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა მიყვარს, თავს ნამდვილად არ მივიჩნევ სანიმუშო ერუდიტად თუ ინტელექტუალად. მიმაჩნია, რომ თუკი დაგროვილი ცოდნა მოყვასის სამსახურსა და ღვთის დიდებას არ ხმარდება, მაშინ იგი საშიში და დამღუპველია. ბიბლიაში სწერია: "დასაბამი სიბრძნისა, არის შიში უფლისა", შესაბამისად სულიერ კეთილკრძალულებას მოკლებული ინტელექტუალი, შესაძლოა თვითგამანადგურებელ სუიციდადაც მოგვევლინოს. ამიტომ, ჩემთვის ღირსების მაგალითია წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), რომელიც, როგორც ილია ამბობდა –"სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდაო". რელიგია სიცოცხლის ხეა, ხოლო მეცნიერება კი ცოდნის. გონიერი ის არის ვინც აბალანსებს და ავსებს საკუთარ პიროვნებაში ამ ორ მონაპოვარს. ჩემი პრიორიტეტიც ეს არის, თუმცაღა ვიცი, რომ ჯერ–ჯერობით ხარისხიანად ამას ვერ ვასრულებ, სამწუხაროდ.

    ახლა კი გადავიდეთ, კონკრეტულ თემაზე, რის გამოც ინტერვიუს ჩაწერის სურვილი გაგიჩნდათ. ყოველივეს გულახდილად და პატივისცემით მოგახსენებთ. მაცხოვრის ამქვეყნად მეორედ მოსვლის, აპოკალიფსის, ესქატოლოგიისა და არმაგედონის თემა, ბოლო ხანს, საკმაოდ პოპულარული და მიმზიდველი გახდა, არათუ უბრალო მრევლში, არამედ სასულიერო (სამღვდელო) წრეებშიც. ეს ტენდენცია კი ხშირ შემთხვევაში, მგრძნობიარე, გულწრფელი და პატიოსანი ადამიანების სატყუარა ხდება, რის გამოც მათში ისტერიული ფობიები და ფსიქოლოგიური პანიკა ისადგურებს, რაც თავის მხრივ თავისუფლებისა და სხვა ზნეობრივი მოვალეობების მივიწყებასაც იწვევს ხოლმე. იმისათვის, რომ მოცემული თემის საღვთისმეტყველო ანალიზი მოვახდინოთ, ეს ფორმატი შესაძლოა არც მეყოს, თუმცა შევეცდები, რომ რამდენიმე წინადადებით, სათქმელი ლაკონიურად მოგახსენოთ. 

    სარწმუნოების სიმბოლოს – "მრწამსის" მე-7 წევრში ვკითხულობთ: "და კვალად მომავალ–არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ". აქედან ვსწავლობთ, რომ უფალი კვლავ მოვა ადამიანთა წინაშე. ეს, უფლის მეორედ (დიდებით) მოსვლა იქნება. ამჯერად, იგი მოვა არა როგორც უბრალო და უწყინარი მოძღვარი, როგორც ეს პირველად იყო, არამედ მოვა მთელი თავისი ღვთაებრივი დიდებულებით, ძალმოსილებითა და ურიცხვი ანგელოზების თანხლებით. მოვა სკიპტრით, როგორც ყოვლადმართალი, პირუთვნელი და მიუკერძოებელი მსაჯული, განსასჯელად "ცოცხალთა და მკვდართა". ე.ი. მოხდება საყოველთაო აღდგომა. ეს იქნება "საშინელი სამსჯავრო", რამეთუ გამოაშკარავდება თითოეული ჩვენგანის სინდისი, ყოველი გულისთქმა, სიტყვა და საქმე, რომელიც კი ოდესღაც ჩაგვიდენია. ყველანი მივიღებთ საბოლოო განაჩენს, რაც ჩვენი ამქვეყნიური საქმიანობისა და ცხოვრების წესის შესაბამისი იქნება: – "მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთა ებრ". ზოგნი, ისეთნი ცხონდებიან ვისაც ვერც კი წარმოვიდგენდით, ხოლო ისეთები წარწყმდებიან, ვისზეც ვერ ვიფიქრებდით. ამიტომ სხვის განმკითხველად და მსაჯულად ნურავინ დადგება, უბრალოდ ყველას (საკუთარ თავსაც) ვურჩევ, რომ ერიდოს კადნიერებას!

     ყველას, ვინც აპოკალიფსის თარიღებზე საუბრობს, შევახსენებ, რომ უფლის მეორედ მოსვლის დრო არავინ იცის. როგორც თავად მაცხოვარი ბრძანებს: "დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათასა, გარნა მამამან მხოლომან". ანუ, ეს საიდუმლო მხოლოდ ყოვლადწმიდა სამებისთვისაა ცნობილი, რამეთუ სამყაროს განგება და წრე-ბრუნვა მის ხელთაა, რადგან იგია "ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული". ღმერთმა თავისი სიბრძნით მეორედ მოსვლის თარიღი არ გამოგვიცხადა, ისევე როგორც არ ვიცით ჩვენი ამქვეყნიდან გასვლის (გარდაცვალების) დრო, რათა არ შეგვიპყროს დაძაბულობამ, შიშმა, შფოთმა და უიმედობამ, არამედ მუდამ მზად ვიყოთ. ამ ფონზე, ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, რომ ვირწმუნოთ ჭეშმარიტი ღმერთის, მისი მოწყალებისა და სამართლიანობის, რათა ჩვენი სამარადისო ცხოვრება გაგრძელდეს სასუფეველში, საუკუნო ნეტარებასა და დაულევნელ სიხარულში, "რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა".

     ამრიგად, ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთ უმთავრეს და ფუძემდებლურ დოგმატს წარმოადგენს სწავლება – "იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის" შესახებ. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ზოგიერთი მწვავე დრამატიზირებით ცდილობს, რომ აღნიშნული თემის გარშემო გამოიწვიოს ფატალისტური მღელვარება და ტოტალური იზოლაციონიზმი. ამგვარი მშფოთვარება კი ჩემი აზრით, უმეტესად განპირობებულია საკითხის უცოდნირობიდან, ადამიანთა დეპრესიული მიდრეკილებებიდან და ეგოისტური კარჩაკეტილობიდან, საუკეთესო შემთხვევაში კი ალბათ ნეოფიტური გულუბრყვილობიდან. 

    უდაოა, რომ ურწმუნოთათვის, ისეთივე დამამძიმებელი იქნება საყოველთაო განსჯა, როგორც დამნაშავე, კრიმინალური ავტორიტეტისათვის – სასამართლო პროცესი. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ თუკი ადამიანთა მიერ დაწერილ იურისპოდენციაში მოიპოვება "შეწყალებისა და სასჯელის შემსუბუქების" მექანიზმები, ასევე ყოვლადმოწყალე უფლის ბუნებაც თავის თავში იმდენად დიდ მიმტევებლობას ატარებს, რომ საკუთრივ სიტყვას არ ძალუძს ოდნავ მაინც დაიტიოს მისი სიღრმე. აგრეთვე იკონომიის პრინციპით, ეკლესია მუდმ მოწყალებასა და რეაბილიტაციას სთავაზობს ყველა ცოდვილს. შესაბამისად ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს პოზიტივი, სიხარული, იმედი და არა მოჟამული ფანატიზმი, რომელიც დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვებიდან" დიდი ინკვიზიტორის პათოსს მოგვაგონებს, სადაც წესების ერთგულებამ ცოცხალი ღმერთის საჭიროება უგულებელჰყო. არ დაგვავიწყდეს, რომ იესო ქრისტე, ჩვენი მხსნელი ღმერთკაცი, თავად სასულიერო პირთა ფარისევლურმა ნაწილმა აცვა ჯვარს, თანაც ღმერთის სახელით, ვითომდა იმის გამო, რომ სჯულის წესები "დაარღვია". ეს პარადოქსი, ქართულს სინამდვილეშიც, დღესაც წარმატებით გრძელდება.

     მორწმუნეთათვის აპოკალიფსისი უნდა გულისხმობდეს არა ტრაგედიას, ან მწუხარებას, არამედ მონატრებულ მამასთან და ცოდვამდელ ადამთან ნოსტალგიურ დაბრუნებას, რაც ენითაღუწერელ სიხარულსა და სიყვარულს მოიცავს. ხოლო, რაც შეეხება სამაყაროს, ის განა განადგურდება, არამედ გადასხვაფერდება და მას არ ექნება დასასრული.

     დღევანდელი ID ბარათები კი შესაძლოა მართლაც წარმოადგენდეს კონტროლის არასასურველ მექანიზმს, თუმცა იმის თქმა, რომ იგი ღმერთთან ურთიერთობაში დამაბრკოლებელი ბარიერიაო, ძალზე გაზვიადებულ და გაბუქებულ რეალობად მეჩვენება. ხაზს ვუსვამ, რომ პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანქვეშა ჩიპიზაციის, ვინაიდან, როგორც ამბობენ (არ ვარ ელექტრო–ინჟინერი და კიბერნეტიკოს–ინფორმატიკოსი) ამგვარი საშუალებით, ადამიანის შიდა–ბიოლოგიური და ნერვული სისტემის პროვოცირებაა შესაძლებელი, რაც (თუ ეს ნამდვილად ასეა) თავისთავად უკვე პრობლემას წარმოადგენს. თუმცაღა, ეს ყოველივე ჯერ კიდევ კვლევის საგანია და მის შესახებ, ერთმნიშვნელოვანი, საყოველთაო–საეკლესიო მიდგომა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ლოკალურ, ადგილობრივ დადგენილებებსა და კერძო პირთა შეფასებებს. საერთოდ კი, რაც არ უნდა იყოს, ადამიანურადაც, რასაკვირველია დაუშვებელია სხეულში რაიმე სახის კონტროლის მექანიზმის ჩაკერება და ამაზე არასოდეს დავთანხმდები! ამასთან, აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ამჟამინდელი პასპორტისა და პირადობის თემა – ჩიპების ინპლანტაციისაგან. ეს ორი სხვადასხვა რამეა.

   –საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა აზრი, რომ შენ აქტუალური თემებით პიარს იკეთებ და პოლიტიკურ ველში დამკვიდრებისათვის ნიადაგს იმზადებ. ამასთან დაკავშირებით  რჩევასაც კი გაძლევენ-"შეეშვით ამ მეტად სათუთ თემას და აქამდე რასაც წერდით იმით მოაწონეთ ხალხს თავი!" -ალბათ შენც წაიკითხე ის კომენტარები, რომლებიც დაფინანსებას ეხება გაჩნდა აზრი, რომ ვიღაცის მიერ დაფინანსებული და მართული ხარ. 

    -პირველ რიგში, ღვთის წინაშე ვაცხადებ, სრული პასუხისმგებლობითა და მშვიდი სინდისით, რომ არავისგან არ ვფინანსდები, ვწერ სრულიად თავისუფლად, დამოუკიდებლად და ვაჟღერებ მხოლოდ საკუთარი გულიდან დანახულ საწუხარს. აგრეთვე, არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. შესაბამისად არ გამაჩნია არანაირი ლატენტური ზრახვები და არც მზაკვრული მიზნები (დამიფაროს გამჩენმა). პიარი და სახელ-დიდება პირიქით დამამძიმებელია ჯანსაღი ადამიანისათვის, ეგ რომ მდომნოდა, მერწმუნეთ, თავის დროზე მქონია არაერთი კარიერისტული შემოთავაზება, თუმცა, ღვთის წყალობით, არცერთხელ ამბიციებს არ ავყოლილვარ და საკუთარ "მე"-ში ძალუმად მომითოკავს ახალგაზრდული მაქსიმალიზმი თუ რომანტიული აღმაფრენა. მე, წარმოშობით ფშაველი (თიანეთელი), აღვიზარდე წესიერ ოჯახში და ეკლესიის წიაღში, შესაბამისად ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას, ზნეობრივ პრინციპებს, მორალურ ფასეულობებსა და კაცურ ღირებულებებს ყოველთვის კრედოდ მივიჩნევდი და იმედი მაქვს, რომ ასეთივე სულისკვეთებით მივალ კუბოს ფიცრამდე. დიდი ვაჟას სიტყვები ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების წარუშლელი ლოზუნგი: "მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადაო!"

    -გიორგი, შენი სტატიები და შემოქმედება  საკმაოდ კითხვადია და საზოგადოების შენდამი გულთბილი დამოკიდებულებაც აშკარაა, თუმცა ID ბარათებზე შენი შეხედულება ხალხმა კარგად ვერ გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში შენ ალტერნატივის დაშვებაზეც ამახვილებ ყურადღებას, მაინც გაღიზიანდა ხალხის გარკვეული ნაწილი. აი, ერთ-ერთი კომენტარიც-"მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ გულწრფელი არ ხართ, პირიქით ძალიანაც გულწრფელი ხართ, მრავალი თქვენი სტატია მომწონს, მაგრამ ამ საკითხში ვერაფრით დაგეთანხმებით, რატომღაც რაც უფრო განათლებული თეოლოგები ხართ, მით უფრო კარგავთ სიფრთხილეს და გლობალიზაციის საფთხეს არაფრად აგდებთ..."  - საზოგადოების ნაწილი გეკითხება:- "ახალი ბარათების მოწინააღმდეგეების მოხსენიება მეამბოხეებად, სექტანტებად, ურჩებად, ფსიქო-პათოლოგიურ პანიკიორებად, არაჯანსაღებად და ავადმყოფებად, დაფეთებულ ბრბოდ ცოტა უხერხული ხომ არ არის? თქვენ შეძლებთ სამი ექვსიანით ამოტვიფრულ ფირფიტაზე ქვევით მოაწეროთ ხელი, ატაროთ მკერდზე ჯვრის გვერდით და ისე მიიღოთ წმინდა ზიარება?" აქვე გახსენებენ ათონელი ბერების ფრთხილ და ფხიზელ პოზიციებს ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით.

    – სოციალურ ქსელ facebook-ში, გარდა პირადი პროფილისა, აგრეთვე ცალკე მაქვს საკუთარი შემოქმედების გვერდი, რომელსაც 8557 მოწონება აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებული მკითხველი მყავს, რომლებიც მიზიარებენ რჩევებს, იდეებსა და თავიანთ გამოცდილებას. აღნიშნულ სივრცეში, ხშირად ვაქვეყნებ ხოლმე საკუთარ ლექსებს, ნოველებს, წერილებს, ესსეებსა და სხვადასხვა ჩანაწერებს. ეს არის ჩემი ძვირფასი აუდიტორია, საზოგადოებასტან ურთიერთობის მარტივი და სწრაფი საშუალება, თუმცა რეალურ შეხვედრებს, ქრისტესმიერ მეგობრობასა და სალონურ საუბრებს მაინც არაფერი სჯობს. 

    რაც შეეხება ოპონენტთა მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას, აგრესიას, შეურაცხყოფასა თუ უხეშობას, მე მათ ასე ვუპასუხებდი: ქრისტეში საყვარელნო, ნება თქვენია, ჩემს კერძო აზრს მიიღებთ თუ არა, რა საჭიროა მუქარა, ჩხუბი, სარკაზმი, ცილისწამება და დამცინავი მომართვა. მე, უფლება მაქვს ვწერო ის, რაც სწორად მიმაჩნია და თუ არ მეთანხმებით, ესეც თქვენი უფლებაა. ხოლო თუ თვლით, რომ მოტყუებულ მდგომარეობაში ვარ, დემონის მიერ ხაფანგში გაბმული და წარწყმედისაკენ მიდრეკილი, მაშინ ილოცეთ ჩემთვის და შემინდეთ პირადი აზრის ქონა. აქვე მორიდებით ვურჩევდი ყველას, რომ მსაჯულისა და უზენაესი სამების პრეროგატივას ნუ შეითავსებთ და ნაადრევად ნუ გადამიწყვიტავთ სამომავლო, მარადიულ ხვედრს (როცა კი ჯოჯოხეთით მემუქრებით). ღმერთმა ყველანი ჩემზე უკეთ ამყოფოს, გულითადად ვპატიობ ყველას უდიერ და აუგ რიტორიკას, რომელიც ჩემი მისამართით აწარმოეს. მეც შემინდონ თუ ზედმეტად ხისტი ვიყავი საკუთარი პოზიციების დაცვისას. ზუსტად ვიცი, რომ ბოღმა და ღვარძლი ის ეპიდემიაა, რომელზეც ყველა სულიერი სნებოვდება, თუკი დიდსულოვნებით არ შეხედავს გარშემო მყოფთ. სადღეისოდ კი, ობიექტური მიზეზების გამო, მოქალაქეთა დიდი ნაწილი დაუსაქმებელი, არარეალიზებული და გაბოროტებულია, რაც თავის მხრივ მძიმე ატმოსფეროს ქმნის ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ნებისმიერ თავდასხმას (სიტყვიერს), შეძლებისდაგვარად გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რამეთუ სოციალური მდგომარეობა დიდწილად განსაზღვრავს ადამიანთა ფსიქო-სომატურ თუ სულიერ სიმწიფეს. 

     თქვენ, ასევე ახსენეთ ათონის წმ. მთის კინოტის პოზიცია მოცემულ საკითხთან მიმართებით. მინდა აღვნიშნო, რომ ათონის წმინდა მთის მოღვაწე ბერები, ძალიან საპატივსაცემო და დასაფასებელი მოღვაწენი არიან. მე, ვეთაყვანები მრავალ მათგანს (ვის ნაშრომებსა და ცხოვრებასაც ვიცნობ) და საკუთარ თავს ნამდვილად არ მივიჩნევ მათზე მაღლა, დამიფაროს უფალმა ამისგან. მხოლოდ იმას ვაცხადებ, რომ სახელდობრ დღევანდელი ბარათები და მოწმობები არ შეიძლება ჩაითვალოს ანტიქრისტეს ბეჭედად. სხვა მხრივ კი "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" და ბუნებრივია, რომ ჟამთასვლასთან ერთად აპოკალიპტურ ეპოქას ვუახლოვდებით. აქვე უნდა ითქვას, რომ აპოკალიფსის დეტალური განმარტება, არცერთმა დიდმა მამამ არ იკისრა. ვინც პატრისტიკას კარგად იცნობს, ის დამეთანხმება, რომ რაიმე სახის მკაფიო და ფართო ეგზეგეტიკური კვლევა არ მოგვეპოვება ამ მხრივ. ცალკეული მოსაზრებები კი, მაგრამ ფუნდამენტური ნაშრომი, თითქმის არ არსებობს, მხოლოდ გვიანდელი მამებისა და თანამედროვე ღვთისმეტყველების პერიოდში ვხვდებით გარკვეულ წინასწარმეტყველებებსა და მოლოდინებს.

    ჩემი აზრით, ანტიქრისტე მოვა იდეებით, მსოფლმხედველობითა და ცნობიერებით, ვიდრე გარეგნული დამღით. ეს ჩემი კერძო აზრია და ამას ზოგად–საეკლესიო და აპრიორი ჭეშმარიტებად არ მივიჩნევ, ეს უბრალოდ მე ასე მრწამს და მჯერა და რასაც ვწერ, იმაში ფულს არ ვიღებ, არც არავის ინტერესებს ვემსახურები, ამას უფლის წინაშე ვამბობ! ჩემთვის ზნეობრივი და დოგმატური საკითხები უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე ტექნიკური... ვერ წარმომიდგენია რომ ჩემსა და ქრისტეს შორის რაიმე სახის ხელოვნური, ელექტრო–ტექნიკური მექანიზმი ჩადგეს, რა ვქნა, ასე მგონია, თუ ვცდები, ღმერთმა დამანახოს სინამდვილე. 

     -კომენტარებში უმეტესად შენი სტატიის საპირისპიროდ წმ. მამა გაბრიელის სიტყვები მოჰყავთ:-"ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არამარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. მისთვის ტახტს უკვე ამზადებენ… ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. აღარავის შეეძლება მათ გარეშე ცხოვრება-ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია" და იმასაც იხსენებენ, რომ წმ. მამა გაბრიელის საბუთი რომელიც ფსიქიატრიულში მისცეს ნომრით 666 იყო. 

   – საინტერესო და დროული კითხვაა. მოდით ლოგიკას მივყვეთ. იქით მიჩნდება რიტორიკული კითხვები მათთან, ვინც ყველასათვის მართლაც, რომ სანუკვარი წმ. მამა გაბრიელის სიტყვებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ურყევ არგუმენტად იშველიებს: ის რომ მამა გაბრიელის საბუთზე 666 ეწერა, ამით მისი, როგორც მოძღვრის და ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის მიმდევრის ღირსება შეილახა? უფალთან ურთიერთობა შეიკვეცა? რაიმე ზეგავლენა მოახდინა ამ რიცხვმა მამა გაბრიელის შინაგან თავისუფლებაზე? რა თქმა უნდა-არა!

      ზოგადად კი, ნებისმიერ წმინდანს, როცა კი საკითხი არ ეხება დოგმატს, შესაძლოა გააჩნდეს საკუთარი, კერძო, პირადი მოსაზრება.

       მხეცის სიმბოლო, საკუთრივ 666, როგორც რიცხვი კი არ არის მავნე, არამედ მისი მისტიფიკაცია და რიტუალური დემონიზაცია. დამოკიდებულებას აქვს მნიშვნელობა, თორემ ღმერთს ამ სამყაროში არაფერი შეუქმნია ურგები. ჩემი აზრით (საერთოდაც, რასაც ვწერ, ბუნებრივია ვგულისხმობ, რომ ჩემი პირადი აზრით–მეთქი და შესაბამისად არავის არ ვახვევ თავს საკუთარ შეხედულებებს) ვერაფერს გავნებს მოცემული რიცხვი, როგორც რაღაც ციფრული მოხაზულობა. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ებრაელთა ეკონომიკურ-სოციალური დომინანტობის სიმბოლო, როცა კი მაგ ოდენობის გადასახადს აკისრებდნენ დაპყრობილთ, თანამედროვე სინამდვილეში, შესაძლოა მავანი მას ამავე მიზნით (სიმბოლურად, რიტუალური სახით) იყენებდეს, მაგრამ როცა კი პანიკურად და ისტერიულად გვეშინია მისი, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ადამიანმა, შეშის საპობი ცული სატანის იარაღად მოიაზროს, მაშინ როცა მას, ვიღაც არანორმალური ბოროტად (მკვლელობისათვის) მოიხმარს. განა ცულშია ბოროტება? თუ უშუალოდ ბოროტმოქმედში? ასევეა აქაც, შტრიხ კოდებს, რიცხვებსა და სიმბოლოებს, ჩემს სულზე გავლენა ვერ ექნება, რადგან მაგ სიმბოლოების შინაარსობრივ მხარეს არ ვიზიარებ, არ მივდევ და არ ვეთაყვანები. აქ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ჩემს შიდასულიერ მოტივაციას, განწყობას და დამოკიდებულებას. ის, რაც ჩემი არჩევანის თავისუფლების მიღმა და ნების დამოუკიდებლად ხდება, არ არის ჩემთვის საზიანო, ძალიან მარტივია ეს. მთავარია ცნობიერი და გული, ანუ საქმეები და არა სოციალური თუ სახელმწიფოებრივი უღელი, რომელსაც წუთისოფელი ნებისმიერ ეპოქაში გვაკისრებდა და დაგვაკისრებს კიდეც, რამეთუ ამქვეყნიური მანქანება თუ მეუფება არაა ქრისტესი. 

    ყოველივე ზემოთ თქმულის ფონზე, შეშფოთებულთა (არ ჩამომართვათ ირონიასა და ცინიზმში) მისამართით, დამატებით მიჩნდება შემდეგი სახის კითხვები: რასაც შტრიხ–კოდი აქვს (საკვებ პროდუქტებს, ტანისამოსს, ხელსაწყოებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ელექტრო ტექნიკას, პასპორტს, ავტომობილს, საშენ მასალას, მობილურ ტელეფონს, ტელევიზორს, საწერ კალამს, სახელფასო პლასტიკურ ბარათს და ა.შ.) თქვენს იმას არ მოიხმართ? არ იყენებთ? ნებისმიერ საიდენტიფიკაციო შტრიხ–კოდს, რომელიც საქონელზეა დატანებული, ხომ 666 აღენიშნება და ამიტომ მას არ ეკარებით? აქვე მაინტერესებს,  იმ სასულიერო პირებს, რომელთაც აღებული აქვთ თქვენს მიერ უარყოფილი პასპორტი, ID ბარათი და პირადობის მოწმობა, უფლის მოღალატეებად და წარწყმედილებად მიიჩნევთ? 

    -რომ გცოდნოდა, სტატია ასეთ რეზონანს გამოიწვევდა, იტყოდი თუ არა ხმამაღლა შენს აზრს?

    – რა დაგიმალოთ და ყოველთვის მსურს ხოლმე, რომ ჩემი სათქმელი ხალხამდე მივიდეს. შეფასებებში არასდროს ვყოფილვარ კონფორმისტული, პირამოკერილი და მხდალი. ესეც ალბათ ფშაური ხასიათისა და ადათის დამსახურებაა. თუმცა ეპატაჟური და სკანდალური ქროლვები, ნამდვილად არ მიზიდავს. პირიქით, შევთხოვ განგებას, რომ ეს განსაცდელი თავიდან ამარიდოს, რადგან, ადამიანურად ძალიან დამღლელი და ქაოტურია მუდმივი კამათი უცნობ პირებთან. თანაც ზოგიერთი მათგანი ანონიმურად და ინკოგნიტოდ გედავება, რაც გაცილებით უფრო სახარბიელო პოზიციაში აყენებს მოპაექრეს.   

   -დღეს რომ დაწერო იგივე სტატია იგივე სათაურით, შეცვლიდი რამეს?

   – დიახ, შევცვლიდი და უმთავრესად ალბათ ტონსა და იმპერატიულობას დავუწევდი. უფრო მოზომილად და თავშეკავებულად ვიტყოდი ჩემს სათქმელს, ვიდრე ემოციით. შინაარსს კი არსებითად იგივეს დავტოვებდი, მცირეოდენი კორექტივებით, რადგან ახლაც ასე მჯერა, რომ ზიარებაში, მარხვაში, ლოცვასა და საეკლესიო საიდუმლოებებთან მიახლებაში, დღევანდელი ბარათები ვერ დამაბრკოლებენ. მე მრწამს მაცხოვრის, რომელიც გვანუგეშებს: "თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ."

 -და ბოლოს, რას ეტყვი მკითხველს?

 – ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი, ილია II, დღენიადაგ მოგვიწოდებს, რომ გავთავისუფლდეთ კატეგორიული აზორვნებისაგან, დაშტამპული მიდგომებისა და ფუნდამენტალიზმისგან. ვისწავლოთ განსხვავებული შეხედულებების მოსმენა და პატივი ვცეთ ერთმანეთს. ჩვენი საუბრის თემიდან გამომდინარე, ამ წუთას მეც ამას ვეტყოდი მკითხველს, რომ მოვერიდოთ მსოფლმხედველობრივ ძალადობას, ვიყოთ სოლიდარულნი და თავაზიანნი. პათეტიკურად კი ჟღერს, მაგრამ მაინც დავძენდი, რომ გავუფრთხილდეთ დედა–ეკლესიის საბოძვარს, მტერშიც კი მომავალი მეგობარი განვჭვრიტოთ და ასე შევიძინოთ დაკარგული ძმები და დები. ხშირად წავიკითხოთ სახარებისეული იგავი "მოწყალე სამარიტელზე" და "უძღებ შვილზე". ხოლო რაც ყველაზე მთავარია, გარედან შევხედოთ ხოლმე საკუთარ თავს, ჩვენს საქციელებს, სიტყვებსა და ფიქრებს.  

    არ არსებობს ქრისტიანული ცხოვრება სულიერი ცხოვრების გარეშე! ის ძირითადი დავალება რისი აღსრულებაც მართებს ეკლესიას თავისი მორწმუნეების მიმართ, ამაში მდგომარეობს – შეუძღვეს მათ ღმერთის გამოცდილებაში, ზეციურ მშობელთან გაბმული ურთიერთობის ცხოვრებაში. ეკლესიის წიაღში ნასწავლ რწმენას, მივყავართ ღმერთის რეალური, ცოცხალი გამოცდილების მისაღებად. ასეთ დროს შევდივართ ისეთი სულიერი ცხოვრების განზომილებაში, რომელსაც მიუძღვის თვით სულიწმინდა. ხოლო ვინც იწამებს და იგემებს ამგვარ სიტკბოს, მას მართებს, აგრეთვე განიცადოს და შეიცნოს ღმერთის ზეარსი! მისთვის არ კმარა უზენაესის შესახებ შეიტყოს მხოლოდ სწორი აზრები, დოგმატური სისავსე და მორალური იდეები. უმთავრესი კი მაინც არის გამოცდილება, რომელიც უპირველესად მიიღწევა რწმენაში და არა ხილვაში, როგორც ამას წმ. პავლე მოციქული ამბობს: "რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით". ჭეშმარიტი გამოცხადება ის არის, რაც მოულოდნელად გვეუფლება, გვიპყრობს და ბიბლიური იაკობის დარად გვათქმევინებს: "უფალია აქ, მე კი არ ვიცოდი!"

    სულიერი ცხოვრება მიედინება გულში, არა პასპორტების ფურცლებზე, არამედ ადამიანის სიღრმეში, სურვილებისა და გადაწყვეტილებების შრეებში, ანუ შინაგანში. ეს ის ადგილია, სადაც უნდა ამოვიცნოთ, თუ რამდენად ავთენტურია ჩვენი ქრისტიანობა. ქრისტიანობა არ ნიშნავს რომ "გაიქცე", არამედ იგია მუდმივი მოწოდება იმისა თუ როგორ უნდა – "ჩაწვდე". 

    ყველას გულითადად ვუსურვებ წარმატებებს სიკეთის გზაზე. განსაკუთრებით ვეფერები ჩვენს დამაშვრალ ემიგრანტებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს. აგრეთვე ქედს ვიხრი ყველა დევნილისა და ლტოლვილის წინაშე, რომელთაც საკუთარი კერა ენატრებათ და მისი შენარჩუნებისათვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლეც კი გაწირეს და ქვეყნიური გაგებით საფრთხის ქვეშ დააყენეს თავიანთი მომავალი. 

    ბოლოს კი ყველასგან გამოვითხოვ ლოცვა–კურთხევას და სიყვარულის, რომელიც ასე ძალიან მჭირდება. გაიხარეთ და იდღეგრძელეთ. ამინ!

ქეთი მიქაძე 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: