რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი შესაძლოა კვლავ ურეცეპტოდ გაიცეს
რეცეპტით გასაცემი ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლოა კვლავ ურეცეპტოდ გაიცეს. აღნიშნულზე, ჯანდაცვის მინისტრი და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, რომ მედიკამენტების სია სამინისტროში დღეს გადაიგზავნება, თუმცა უცნობია, რამდენ და რომელ მედიკამენტზეა საუბარი.
"ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ძალიან კარგი თანამშრომლობა. შემოგვთავაზეს წინადადებები, რომელსაც კონკრეტული სახით დღის განმავლობაში მივიღებთ. ეს ეხებოდა რამდენიმე დასახელების მედიამენტების გადატანის შემოთავაზებას რეცეპტით გასაცემიდან თავისუფლად გასაცემში. ამაში არანაირი შეზღუდვა არ არის. აგვისტოს განმავლობაში რამდენიმე ასეული ასეთი ცვლილება განხორციელდა და თითოეული მათგანი მიმართულია პაციენტის კომფორტული და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებისკენ" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
გარდა ამისა, დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დააყენეს, მათ შორის ექიმებისგან არასრულყოფილად გამოწერილი რეცეპტები. დავით სერგეენკოს განცხადებით, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ სამინისტრომ უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლოს ის აფთიაქები, რომლებიც არღვევენ ახალ რეგულაციებს.
შეგახსენებთ, 1-ლი სექტემბრიდან, პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაიცემა.