ნანა ხურითი: ,,არ გამოვრიცხავ საბოტაჟსაც, „ჩანერგილებსაც“, მაგრამ ამას ხელისუფლება „ეფექტურად“ უნდა შეხვედროდა!"
,,ივერიონს" ესაუბრა მსახიობი ნანა ხურუთი.
-როგორც ,,საყდრისის მცველები" ,,ივერიონთან" საუბარში აღნიშნავენ, კულტურის ახალმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ რაც გამინისტრების შემდეგ გააკეთა, საყდრისის კულტიურულ ძეგლად გამოცხადების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. რას ნიშნავს მისი ასეთი საქციელი და როგორ შეაფასებთ მას?
-ია, მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. ვემხრობი იმ აზრს, რომ ამაზე ისაუბრონ პროფესიონალებმა. მოიწვიონ საერთაშორისო დონის ექსპერტები და გაირკვეს საბოოლოდ სიმართლე.
-მისაღებია თქვენთვის თუ შეურაცხყოფს სახელმწიფოს იმიჯს უელსის სამიტზე ორი დელეგაციის მონაწილეობა?
-არა, რატომ? წინსაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი სუსტდებოდა და მას მოსახლეობაც გაგებით ეკიდებოდა. მოსწონდათ, რომ ერთი კაცის მმართველობას ბოლო მოეღებოდა, იმდენად მობეზრდათ წინა პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.
იცი, რა მაინტერესებს, კონსტიტუციას სხვადასხვანაირად კითხულობენ? იურისტები, მრჩევლები, მთავრობის წევრები ვერ შეთანხმდნენ რეალურად ვინ, სად უნდა წავიდეს და მე რა გითხრათ? ფაქტია, რომ კონსტიტუციას სხვადასხვანაირად იგებენ და კითხულობენ...
-სამუშაო ადგილების სიმწირის გამო მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი დღითიდღე იზრდება. რით დააიმედებთ მათ, როდის დაიწყება სამსახურის მოსაპოვებლად დაგეგმილი ტესტირება?
-მე ვერაფრით დავაიმედებ. მეც ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ველოდები იმათ განმარტებებს, ვინც მათ დასაქმებას შეჰპირდა.
-კრიმინალი და მასობრივი რეიდები მოსახლეობას შსს-ს წინააღმდეგ განაწყობს. ეს საბოტაჟია, რომელსაც იქ ,,ჩანერგილი" ნაციონალები აწყობენ თუ მართლა შესუსტდა შსს-ს ეფექტურობა?
-მოდით შევთანხმდეთ, რომ ადრე დანაშაულს თვითონ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ჩადიოდნენ და ასეთი გახსნილი არ იყო საინფომაციო სივრცე. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ საბოტაჟსაც, ,ჩანერგილებსაც", მაგრამ ამას ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება უფრო, როგორც უყვართ თქმა, ,,ეფექტურად" უნდა შეხვედროდა.
ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ პილიციელი, რომელიც უფლებამოსილებას ამეტებს და საზოგადოებაში უხეშობს, ,,ჩანერგილი" არ არის. პოლიციამ მოსახლეობას არ უნდა მისცეს აგრესიის საბაბი, რათა მათ ძველი პოლიციური მმართველობის მანკიერება არ გაახსენდეთ.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ, როცა საზოგადოება გამოხატავს უკმაყოფილებას ზოგიერთ საკითხზე, ახალი მთავრობა მაშინვე ახდენს რეაგირებას. ასე რომ, რაც უფრო აქტიური ვიქნებით და ჩვენ გავუწევთ ჯანსაღ ოპონირებას ,,კოალიცია ქართულ ოცნებას", მით უკეთესი მათთვის.
...მახსენდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარმოთქმული ფრაზები -,,ჩვენ მსახურებს ვირჩევთ!", ,,ჩვენ მათ ვქირაობთ და კეთილი ინებონ და ხალხის შეკვეთა შეასრულონ!", ,,თანამდებობა არ არის კეთილდღეობა!", ,, თანამდებობა პასუხისმგებლობაა!".
არჩევნებმდე დარჩა 2 წელი და ერთ თვე... ეს დრო ჩემთვის ცოტაა, სცენურ დროს ჰგავს....
ესაუბრა ია ჯღარკავა