ალექსი პეტრიაშვილი: გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, მთავრობა თავისთვისაა, მე ჩემთვის და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება!
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი Facebook -ის პირად გვერდზე ვრცელ განმარტებას აკეთებს, რატომ არ უნდა წავიდეს გაერო-ს ასამბლეაზე ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაცია. აღნიშნულს "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროზე ისრების გადაყვანას და ხელების შეწმენდას თავი დაანებოს ყველამ! ერთ წელიწადში ერთდროულად ასოცირების შეთანხმებაზე და გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტზე, ქვეყანაში 6 ქვეყნის პრეზიდენტის, 20-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მდივნისა და მინისტრების ვიზიტებზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოსტზე დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში აშშ-ში და გერმანიაში, ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირში და კიდევ ორმხრივ ფორმატში განხორციელებულ ვიზიტებზე უკეთესი შედეგი დადეთ - ვიმეორებ, ერთ წელიწადში, უფრო მაგარი მიღწევები გვაჩვენეთ და პირველი ვიქნები, ვინც ამას ხმამაღლა დავაფასებ და ტაშს დავუკრავ! ეტა რაზ!
ახლა კი მათ საყურადღებოდ, ვითომ რომ ვერ ხვდებიან და გულუბრყვილოდ სახეებით კითხულობენ: "რა დაშავდება, რომ წავიდეს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე? რა, კლიმატური ცვლილებების სამიტი უმნიშვნელო ღონისძიებაა?
დაშავდება. ჩვენი ქვეყანა რომ 194-ში ამ უცნაურობით გამოირჩევა, ყველა გაიგებს, თუ უკვე არ იცის, და დაიცინება, დაშავდება.
ერთი საქართველოდან გენერალურ მდივან ბან კი მუნთან ორი შეხვედრის მოთხოვნით რომ გაეროს სამდივნოში დავიცინებით, მაგრად დაშავდება.
ერთ შენობაში ორი დელეგაციით გადაადგილება, ორი ლოგისტიკა, ორი უსაფრთხოება შაყირის და იმავდროულად წუხილის საგანი რომ გახდება, დაშავდება.
ვინც ამ შეკითხვას სვამთ, ძალიან კარგად, შეიძლება ითქვას, ზედმიწევნით კარგად იცით, რომ დაშავდება, და თანაც ძალიან მაგრად დაშავდება, მაგრამ ნაპრალების გაჩენით ხართ დაკავებული. ოღონდ ეს დაპირისპირება გამოჩნდეს და ქვეყნის იმიჯს არაფრად აგდებთ. პოლიტიკური ოპონენტების ხალისიან და ბედნიერ სახეებს ვხედავ და სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს. მათთვის ნატო-ს სამიტიც წარუმატებელი იყო. ასოცირებასაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ მათი მმართველობაში დაესვა ბეჭედი, ახლა კი ქვეყანა მკვდარია. გაჩერებულია. და წყალსაც წაუღია. ოღონდ დღევანდელმა მთავრობამ წაიფორხილოს და რას დაეძებ. ვწუხვარ, რომ აშკარა სიბეცესთან გვაქვს საქმე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიკვირს, როდესაც ოპოზიციას კრუნჩხვები ემართება, რადგან რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, ქართველი ხალხი და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბრიუსელშიც ხელმოწერაზე, გაერო-შიც გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატურ ცვლილებების სამიტზე, უელსში ნატო-ს სამიტზე და გნებავთ ამერიკელი სკაუტების შეკრებასა თუ ევროპელ არქიტექტორთა კონფერენციაზე ყველაფერი გარკვეული იქნებოდა და ყველგან მ.სააკაშვილი იქნებოდა და მაგარ ამბებსაც დაატრიალებდა.
მე რაც მტკივა, ეგ არის, რომ ჩვენი კოალიციის მიერ, ბატონი ბიძინას წარდგინებით ერთსულოვნად შეთანხმებული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, აგრეთვე კარგად იცის, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას, ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას. და ჩემი აზრით, ეს წასვლა მხოლოდ ნიუ იორკში წასვლა არაა. რა პრობლემაა. სადაც უნდა იქ წავიდეს. ოღონდ გავერკვეთ. და დროზე გავერკვეთ. გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, მთავრობა თავისთვისაა, მე ჩემთვის და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება.
მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხალხის არჩევანს და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო მოხელე ვიქნები.მთელ ოპოზიცურ სპექტრს კი გაუხარდება, დროებით წამოვა სეტყვა და კრიტიკის ქარიშხალი, მაგრამ სიცხადე ყველაფერს სჯობს.
ეგრე აჯობებს ქვეყნისთვის, ხალხისთვის და მისთვისაც", - წერს პეტრიაშვილი.