ნინო ბურჯანაძე: "დემოკრატიულ ფასეულობებს საქართველოში ის აზარალებს, რომ ამერიკელი გავლენიანი ფიგურები დამნაშავე ორგანიზაციას და ადამიანებს იცავენ"
ასეთი კომენტარი გააკეთა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სენატორ მაქქეინისა და დევიდ ქრემერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის დევნა ტოვებს პოლიტიკური დევნის ელფერს და რომ ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებზე:
-"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები კვლავ განაგრძობენ სააკაშვილის და მისი გუნდის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნათელია, რომ ეს არის დამნაშავე გუნდი. თუმცა ის, რომ საკმარისი არგუმენტები არ იქნა დროულად მიწოდებული საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ეს, რა თქმა უნდა, არის "ქართული ოცნების" ბრალი. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ურთიერთობებს ვერ დააზარალებს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, იმიტომ რომ ეს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებს და დემოკრატიულ ფასეულობებს ლახავს ის, რომ ამერიკაში გავლენიანი ფიგურები დამნაშავე ორგანიზაციას და ადამიანებს იცავენ და თავის დროზე არაფერს ამბობდნენ იმ რეალურ პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც ხორციელდებოდა ათიათასობით საქართველოს მოქალაქის და მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ.
არ მგონია, რომ სენატორების მიერ გაკეთებული ეს განცხადებები რაიმე მნიშვნელოვან ფონს ქმნიდეს გაეროს ვიზიტის წინ. თუ "ქართული ოცნება" ნორმალურად იმუშავებს და დამადასტურებელ დოკუმენტებს დადებს იმ უამრავი დანაშაულისა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ჩადენილი, ეს განცხადება მას ვერანაირ ნეგატიურ ფონს ვერ შეუქმნის," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.