ნინო ბურჯანაძე: "როგორც ჩანს, არავის არ აინტერესებს აფხაზეთი და სამაჩაბლო, არავის ადარდებს საქართველოს ხვალინდელი დღე"
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეცედენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს ისტორიაში, გენერალურ ასამბლეაზე ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაცია წასულიყო, - მას არ ახსენდება:
-"მე ძალიან კარგად ვიცი გაეროს ისტორია და შემიძლია გითხრათ ასეთი პრეცედენტი, რომ ქვეყნიდან ორი დელეგაცია მიდიოდეს, ნამდვილად არ მახსენდება. მე ვფიქრობ, ძალიან დიდ საგონებელში იქნება ჩავარდნილი გაერო, მაგრამ ალბათ უფრო მეტ საგონებელში ჩვენ უნდა ვიყოთ. მე ნამდვილად არ მაინტერესებს დეტალები. ეს ყველაფერი გამოიწვია იმ არანორმალურმა ვითარებამ, რომელიც შეიქმნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი იციან, რომ ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტონ და გვიკარნახონ. სამწუხაროდ ბატონმა ივანიშვილმაც გადაწყვიტა რომ პრეზიდენტი და პრემიერი უნდა დაგვინიშნოს და თვითონ უნდა მართოს ქვეყანა. აღმოჩნდა რომ ვერ მართავს და ამან გამოიწვია ეს ვითარება.
მე უფრო მეტად სხვა რამ მაწუხებს, მე მაწუხებს ის, რომ არც ჟურნალისტები, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკაა და ეს არ არის პირადად ჟურნალისტების ბრალი, არც მედიასაშუალებები არ ამახვილებენ ყურადღებას გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემებზე, გაცილებით უფრო მეტ ხიფათზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ელის, თუნდაც იმ ფაქტებთად დაკავშირებით, რომელზეც გუშინწინ მე ვისაუბრე. ეს თემა აბსოლუტურად შეგნებულად იქნა მიჩქმალული, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის" ასევე ,,ქართული ოცნების" მხრიდან. როგორც ჩანს, არავის არ აინტერესებს აფხაზეთი, არავის არ აინტერესებს სამაჩაბლო, არავის არ აინტერესებს საქართველოს ხვალინდელი დღე. ყველა არის მოტივირებული და ფოკუსირებული იმაზე, რომ ერთმა - ,,ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო მეორემ - ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხოს ხელისუფლებაში დაბრუნება. დანარჩენი თუ რა მოუვა საქართველოს, ის, რომ საქართველო ორად იხლიჩება, ამაზე, სამწუხაროდ, ყველამ თვალი დახუჭა და ყური წაუყრუა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.