ბიძინა ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილი უკვე ჯიბრზეა და კონკურენციას აგრძელებს!
"ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო-ს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები", - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი აცხადებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს.
"ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო-ს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი, უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს. ამ დროს ორჯერ ორი ოთხია - რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ – შეიძლება მხოლოდ ერთი ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს.
ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის, რომ ამან რაღაც მოწვევა მიიღო კლიმატის გაუმჯობესებაზე, შარშან ფანჯიკიძე იყო, რომელსაც წასვლა არ ნდომებია და მოადგილეს უშვებდა, ზალკალიანი უნდა წასულიყო, აი რასაც ამ მოწვევას იძახის, ეს დაბალი დონის შეხვედრაა. წავიდა მაშინ ფანჯიკიძე, იმიტომ რომ სხვა საქმეები ჰქონდა. მაშინ არავის არ უფიქრუა ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა და ისევ იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ძალიან აწყობს," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა "პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში ლამაზი არ იქნება".
" სად არის მედია, სად არის ჟურნალისტიკა, სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, რა უნდა ამის დალაგებას, სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდანაა მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არაა, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.
წყარო: კვირის პალიტრა