ვახტანგ ჟორდანია:-"ყველაფრის მიუხედავად მარგველაშვილი ცდილობს მასსა და ივანიშვილს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას"
ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისადმი გაკეთებულ განცხადებას-""პრეზიდენტი გიორგი მაგველაშვილი მთავრობას კონკურენტად განიხილავს და უნდა, მას ხელი შეუშალოს" და მარგველაშვილის აშშ–ში ვიზიტის ჩაშლას უკვე მოჰყვა შეფასებები და გამოხმაურებები როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. აღნიშნულ ფაქტს "საქართველოს სოციალ დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია გამოეხმაურა. მან ასევე ხაზგასმა ორმაგ ვიზიტებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ორმაგი ვიზიტები ქვეყნისთვის საზიანოა და უხერხულ სიტუაციებს ქმნის.
-"ორმაგი ვიზიტები საზიანოა ქვეყნისთვის და უხერხულობას ქმნის როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. თუ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრია პირველი პირი, მაშინ სამიტზე უნდა წასულიყო პრემიერი, მეორეც, ეს უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, ერთ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით წასულიყო მარგველაშვილი. მესმის, რომ მათ პირადი უთანხმოება აქვთ და ეს არ გამოუვიდოდათ, მაგრამ თუ ქვეყნის პირველი პირი პრემიერია, უნდა წასულიყო ის და არა ორი დელეგაცია. რაც შეეხება ექს-პრემიერის ივანიშვილის განცხადებას, მოდით ასე ვთქვათ-ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, არც მარგველაშვილი იქნებოდა პრეზიდენტი, არც ღარიბაშვილი-პრემიერი და არც "ქართული ოცნება" იქნებოდა, ამიტომ მისი აზრი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები სწორედ მან მოიყვანა პოლიტიკაში და ამას დამატებული ის, რომ ივანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრია, გასათვალისწინებელი და ყურადსაღებია მათთვის. რაც შეეხება მარგველაშვილის მიერ ჩაშლილ ვიზიტს, ეს ივანიშვილისადმი კიდევ ერთი მინიშნება იყო, რომ ხომ ხედავ, მიუხედავად იმისა, რომ მაკრიტიკებ, მე შენს სიტყვას მაინც ვემორჩილებიო. მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველაფრის მიუხედავად მარგველაშვილი ცდილობს მასსა და ივანიშვილს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას. აშკარაა, ეს დაპირისპირებები რომ არ ყოფილიყო, გუნდის შიგნითვე შეთანხმდებოდნენ და ეს თემა საერთოდ არ იქნებოდა ასეთი საჯარო განსჯის საგანი".