რას ურჩევს "ადამიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია კანონი, თავისუფლება" პრეზიდენტს?!
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ყოფილი მმართველი გუნდის მოქმედებებში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ხედავს.
"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების პარალელურად, მთავარი ოპოზიციური ძალა ყველა მეთოდით ცდილობს, დააფიქსიროს ისეთი პოზიცია, რომელიც პრეზიდენტის კომენტარებს ემთხვევა და წარმოაჩინოს ვითარება ისე, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტის პოზიციებს შორის თანხვედრაა.
ჩვენი აზრით, ყოფილი მმართველი გუნდის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, თითქოს პრეზიდენტი მთავრობის ოპოზიციაში გადავიდა და მისი შეხედულებები მთავარი ოპოზიციური ძალის გამოძახილია. ამ აზრის დამკვირდებას ხელს უწყობს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გასული ინფორმაციები პრეზიდენტის კავშირების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან".
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეზიდენციიდან განცხადებების გაკეთება და პოზიციების გამოხატვა იმ მედიასაშუალებებით, რომლებიც დამოუკიდებლობის დიდი ხარისხით ვერ სარგებლობენ ქართველ საზოგადოებაში, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქართულ სახელმწიფოს.
"როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი წარმოადგენს ინსტიტუტებს შორის ბალანსის შენარჩუნების გარანტს. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი არის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ბალანსის გარანტი, მას უნდა გააჩნდეს მჭიდრო კომუნიკაცია აღნიშნულ ინსტიტუტებთან.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა არა სხვადასხვა ეთერებიდან მოწოდებების გაკეთება, არამედ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებაა ხელისუფლების შტოებთან.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მისი კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე, დაამყაროს კომუნიკაცია მთავრობის მეთაურთან, რათა საზოგადოებას საბოლოოდ არ ჩამოუყალიბდეს განწყობა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია. ეს დააზიანებს ახალგაზრდა დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.