საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

    თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს ბიუჯეტის პროექტის ანალიზი წარუდგინეს. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ "ქართული ოცნების" და თბილისის მერის დავით ნარმანიას მთავარი გამოწვევა თბილისის წინა მთავრობის მიერ დაწყებული პროექტების ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოებისთვის ახალი იდეების შეთავაზება უნდა ყოფილიყო.

"ამის ნაცლად, სამწუხროდ ჩვენ ვიხილეთ  დანაშაულებრივი იძულებით სამსახურიდან გაყრილი თანამშრომლები, მხოლოდ პარტიულ-ნათესაური ნიშნით შერჩეული ახალი თანამშრომლები, მშენებლობების შეჩერების მცდელობა, უსაფუძვლო შეტევა ინვესტორებზე, კომერციული ბანკიდან აღებული 30 მილიონი ძვირი სესხი და საკუთარი უნიათობის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალების უაზრო, უშედეგო მცდელობა. ამ ყველაფრის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტია, რომელიც დავით ნარმანიამ წარუდგინა საკრებულოს", - განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საერთოდ არ ასახავს თავად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებს, აუქმებს ბევრ უკვე მოქმედ პროექტს. მათი თქმით, თბილისის ბიუჯეტის გადასახდელები მცირდება 12 575 400 ლარით.

"ბიუჯეტის სეკვესტრი" - როგორც ჩანს ამ ტერმინს თბილისის მაცხოვრებლები ხშირად მოისმენენ თბილისის დღევანდელი მთავრობისგან, რომელიც თავად ,,ქართული ოცნების" მიერ შედგენილ 2014 წლის ბიუჯეტს არარეალურს უწოდებს", - აცხადებენ "ნაციონალები".  მათ თქმით, სწორედ ეს თანხა უნდა გამხდარიყო იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წყარო, რაზედაც "ქართული ოცნება" თბილისელებს წელს უარს ეუბნება.

  ასევე ბრიფინგზე განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნება" წარმოდგენილი პროექტით, თავის მოსაწონებლად, მხოლოდ ზრდის სოციალური დაცვის პროგრამების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებას, მაგრამ, "ნაციონალების" თქმით, იმ ფონზე როდესაც არანაირი შინაარსობრივი სიახლე დასაფანინსებელი პროგრამების ჩამონათვალის  და დაფინანსების ოდენობის გაზრდის კუთხით არ არის, ამას თბილისის მოსახლეობა სასიკეთო ცვლილებად ვერ აღიქვამს, რადგან ამგვარ მომსახურებას უკვე წლების განმავლობაში ისინი გამართულად და შეუფერხებლად იღებდნენ თბილისის მერიაში და ეს მინიმალური ვალდებულებაა, რასაც ქალაქის მმართველობა უნდა ახორციელებდეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: