ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითხოვს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზის ხვდება. მეჰმედ გორმეზი საპატრიარქოში წარმომადგენლობითი დელეგაციით იმყოფება. პატრიარქმა გორმეზის ვიზიტს მნიშვნელოვანი და ისტორიული უწოდა.
ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს.
"მე არ დამავიწყდება ის ძმური და მეგობრული შეხვედრები, რომელიც ჩვენ გვქონდა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ ამის ახალი ეტაპი იქნება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენს შორის ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ის, რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის, რაც მოხდა ჩემი თურქეთში ვიზიტის წინ, როდესაც დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაღიზიანებული ურთიერთობები იყოს ჩვენს შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ასეთ მოვლენებს ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქის განცხადებით, მის მშობლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი მუსლიმანი მეგობარი ჰყავდათ და როდესაც ისინი მათთან სტუმრად ჩამოდიოდნენ, მისი მშობლები მუსლიმან სტუმრებს ყველაზე დიდ ოთახს უთმობდნენ.