ირაკლი კობახიძე: საქართველოში, არსებითად, საპარლამენტო მმართველობა ჩამოყალიბდა!
როგორც კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე აცადებს, კონსტიტუციაში შერეული რესპუბლიკის გარკვეული ნიშნებიც არსებობს, თუმცა, ცალსახად იმის თქმა, რომ სისტემა ნახევრად საპრეზიდენტოა, არ შეიძლება.
"პრეზიდენტს მინიჭებული აქვს გარკვეული უფლებამოსილებები, რომელიც წმინდა საპარლამენტო მმართველობისთვის არ არის დამახასიათებელი, თუმცა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში დღეს ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაა ჩამოყალიბებული, ნამდვილად არ შეიძლება. საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და, საერთოდ, სუბიექტი. ზუსტად ასეა მოწესრიგებული ეს საკითხი ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აღმასრულებელი უფლებამოსილებები მინიჭებული არ აქვს. ასეთ პირობებში ნამდვილად შეუძლებელია ამ სისტემის ნახევრად საპრეზიდენტოდ მოხსენიება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევითობა და სხვა უფლებამოსილებები ამ მოსაზრების გასამყარებელი არგუმენტი არ არის.
"კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს საგარეო პოლიტიკა და, საერთოდ, აწარმოოს რაიმე სახის საერთაშორისო მოლაპარაკება, დადოს რაიმე სახის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ანუ ახალ სისტემაში პრეზიდენტის როლი საგარეო პოლიტიკის სფეროში მეორეხარისხოვანია და უპირატესი უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება", - განაცხადა კობახიძემ.